ყოფილი სპეცრაზმელი - კობა დავითაშვილს ხალხი არ გვატანდა, შენობიდან ძლივს გამოვიყვანეთ
ყოფილი სპეცრაზმელი - კობა დავითაშვილს ხალხი არ გვატანდა, შენობიდან ძლივს გამოვიყვანეთ

საქალაქო სასამართლოში კობა დავითაშვილის ცემის საქმეზე პროკურატურამ ყოფილი სპეცრაზმელი დაკითხა, რომელიც, ბრალდების მხარის ინფორმაციით, დავითაშვილის გატაცებაში იღებდა მონაწილეობას.

„2007 წლის 7 ნოემბერს სამსახურში მივედით. მეთაურმა გვითხრა, რომ უნდა შევსულიყავით ელიავას ბაზრობაზე. მეთაური ედიშერ კობახიძე იყო. ჩავჯექით მანქანაში, მივედით ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე. მანქანაში ვისხედით და ველოდებოდით შემდგომ მითითებებს. მოვიდა მეთაური. წინ მიდიოდა და ჩვენ მივყვებოდით​. შევედით ბაზრობაზე, გვითხრა – შუშებიან შენობაში არის დავითაშვილი და გამოიყვანეთო. შევედით, გამოყვანა გვინდოდა, მაგრამ წინააღმდეგობას წავაწყდით, ხალხი არ გვატანდა. ძლივს გამოვიყვანეთ, მიკროავტობუსში ჩავსვით და წავედით გორის მიმართულებით. კობა დავითაშვილს სისხლი სდიოდა თავის არედან. მანქანაში რომ ვისხედით, მეთაური ლაპარაკობდა ტელეფონზე და მისი მითითებით მივდიოდით. გორში შევიყვანეთ საავადმყოფოში“, – განაცხადა სპეცრაზმელმა სასამართლოზე.

კობა დავითაშვილის ცემისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე პროკურატურამ ბრალი ზურაბ ადეიშვილს წაუყენა. გამოძიების ინფორმაციით, 2007 წლის ნოემბერში თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობდა ოპოზიციის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციები. საქართველოს იმჟამინდელმა გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა, თავის კაბინეტში დაიბარა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე დავით ქარსელაძე და დაავალა, მისდამი დაქვემდებარებულ სპეცდანიშნულების რაზმსა და ოპერატიულ დანაყოფებს გაეკონტროლებინათ ისეთი ხალხმრავალი ადგილები, როგორიც იყო ე.წ. ელიავას, ვაგზლისა და ლილოს ბაზრობები, ადგილზე ოპოზიციის ლიდერების გამოჩენისთანავე კი აღეკვეთათ მათი მხრიდან ბაზრობის ტერიტორიაზე აგიტაციისა და მიტინგზე წასასვლელად ხალხის მობილიზების ფაქტები.