ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის საქმეზე ბრალდების მხარის მოწმე დაიკითხა
ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის საქმეზე ბრალდების მხარის მოწმე დაიკითხა

ყოფილი მთავარი აუდიტორის, ლაშა თორდიას ცემის საქმეზე, სადაც ბრალდებული ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძეა, ბრალდების მხარის მოწმე დაიკითხა.

მოწმის სახით დაკითხულმა ძველი თბილისის სამმართველოს გამომძიებელმა, მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებზე ისაუბრა. ბრალდების მხარის განცხადებით, საქმეში არსებული მტკიცებულებები საკმარისია ყოფილი მთავარი პროკურორის ბრალის დასამტკიცებლად.

„თბილისის საქალაქო სასამართლოში მოხდა ოთარ ფარცხალაძისა და მიხეილ ჩოხელის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ერთ-ერთი მონაწილე გამომძიებლის დაკითხვა, რომელმაც დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ავთენტურობა და შინაარსი.

საქმეში მოთავსებულია არაერთი მტკიცებულება როგორც მოწმეთა ჩვენებები, ასევე მოთავსებულია წერილობითი მტკიცებულებები, რომლის განხილვის შედეგად მოსამართლე მივა იმ დასკვნამდე, რომ ოთარ ფარცხალაძემ და მიხეილ ჩოხელმა ჩაიდინეს ბრალად შერაცხული ქმედება”, – განაცხადა პროკურორმა ნუგზარ ჭიტაძემ.

ბრალდებულების ადვოკატის, გაგა მოსიაშვილის თქმით, სასამართლოს მიერ მტკიცებულებების ობიექტური და სამართლიანი შეფასების შემდეგ დადგება გამამართლებელი განაჩენი.

„მტკიცებულებები, რომელიც წარდგენილი აქვს დაცვის და ბრალდების მხარეს, სამართლებრივი შეფასება აუცილებლად უნდა მოხდეს და თითოეული სამართლებრივი შეფასების შემდეგ უნდა მიიღოს სასამართლომ გადაწყვეტილება. ჩვენ მზად ვართ, ოთარ ფარცხალაძის და მიხეილ ჩოხელის უდანაშაულობა დავამტკიცოთ წარდგენილ ბრალდებაში, ვინაიდან ბრალდება არის აბსურდული“, – განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.

დღევანდელ სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა ბრალდებული ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე. სხდომას ესწრებოდა საქმეში კიდევ ერთი ბრალდებული, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილი თანამშრომელი, მიხეილ ჩოხელი.

გამოძიება ოთარ ფარცხალაძეს ყოფილი მთავარი აუდიტორის, ლაშა თორდიას ცემას ედავება. მას 5 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. ოთარ ფარცხალაძეს ბრალი პროკურატურამ სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით წარუდგინა, რაც ცემას გულისხმობს. ასევე ამ საქმეზე ბრალდებულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილი თანამშრომელი მიხეილ ჩოხელი.