ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის საქმეზე ბრალდების მხარის მოწმე დაიკითხა
ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის საქმეზე ბრალდების მხარის მოწმე დაიკითხა

ყოფილი მთავარი აუდიტორის, ლაშა თორდიას ცემის ფაქტზე, ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძისა და მიხეილ ჩოხელის წინააღმდეგ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდების მხარის მოწმე კერძოდ, გამომძიებელი დაიკითხა. ამასთან, სხდომაზე გამოიკვლიეს შემთხვევის შემდეგ, პატრულის სამხრე კამერის ჩანაწერი, სადაც ლაშა თორდია მომხდარზე საუბრობს.

სხდომას დღეს არ დასწრებია ბრალდებულო ოთარ ფარცხალაძე. მომდევნო სასამართლო პროცესი 10 ივლისს ჩაინიშნა.

„სხდომაზე დაიკითხა გამომძიებელი, რომელმაც დეტალურად აღწერა საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობა და ავთენტურობა. რაც შეეხება პატრულის მიერ გაკეთებულ სამხრე კამერის ჩანაწერს, რომელიც შეტყობინების საფუძველზე მივიდა დაზარალებულ ლაშა თორდიას სახლში, ჩანაწერში პატრულ-ინსპექტორი მას უსვამს კითხვას დაზუსტების მიზნით, ვინ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, თუმცა ჩანაწერის მიხედვით, ის ამ კითხვაზე არ პასუხობს“, – განაცხადა საქმის პროკურორმა, ნუგზარ ჩიტაძემ.

პროკურორის თქმით, განაჩენი ამ საქმეზე სავარაუდოდ ზაფხულის განმავლობაში დადგება. ოთარ ფარცხალაძისა და მიხეილ ჩოხელის ადვოკატი გამამართლებელ განაჩენს ელოდება.

„ობიექტური მიზეზის გამო ოთარ ფარცხალაძის გამოცხადება სხდომაზე ვერ მოხდა. შემდგომ პროცესებზე ჩვენი მიზანია, ერთი მხრივ სხდომაზე გამოცხადება, მეორე მხრივ, ობიექტური მართლმსაჯულების განხორციელება. მას შემდეგ, რაც ბრალდების მხარე დაასრულებს ე.წ. მტკიცებულებების გამოკვლევას, დაცვის მხარე წარადგენს იმ მტკიცებულებებს, რომელიც ადასტურებს ოთარ ფარცხალაძის და მიხეილ ჩოხელის უდანაშაულობას. დაუსაბუთებელ წარდგენილ ბრალთან დაკავშირებით, უნდა დადგეს გამამართლებელი განაჩენი“, – განაცხადა ფარცხალაძისა და ჩოხელის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა.

​გამოძიება ოთარ ფარცხალაძეს ყოფილი მთავარი აუდიტორის, ლაშა თორდიას ცემას ედავება. მას 5 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. ოთარ ფარცხალაძეს ბრალი პროკურატურამ სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით წარუდგინა, რაც ცემას გულისხმობს. ასევე ამ საქმეზე ბრალდებულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილი თანამშრომელი მიხეილ ჩოხელი.