ყოფილი მსჯავრდებული, რომლის საქმეზეც სამკურნალო დაწესებულების ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე პროკურატურამ პასუხისგებაში მისცა, შემთხვევის დეტალებს იხსენებს
ყოფილი მსჯავრდებული, რომლის საქმეზეც სამკურნალო დაწესებულების ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე პროკურატურამ პასუხისგებაში მისცა, შემთხვევის დეტალებს იხსენებს

ყოფილი მსჯავრდებული ალექსანდრე მანუკიანი, რომლის საქმეზეც საქართველოს პროკურატურამ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების ყოფილ დირექტორს, ალექსანდრე მუხაძეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა, 2008 წლის 18 იანვრის შემთხვევის დეტალებს იხსენებს.

როგორც ალექსანდრე მანუკიანი ყვება, მან პრეტენზია გამოთქვა დაწესებულების ექიმთან, რომელმაც მისი აზრით, არასათანადო მკურნალობა გაუწია. ყოფილი მსჯავრდებულის თქმით, ამის შემდეგ მასთან მივიდა ალექსანდრე მუხაძე, რომლის დავალებითაც მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

„გამირთულდა მხედველობა. ექიმები დამპირდნენ, თუმცა არ მიმკურნალეს. მე ვუთხარი ექიმს, რატომ გამწერეთ, ცუდად ვარ-მეთქი. იქ გამოვიდა ალექსანდრე მუხაძე. მე მასაც ვუთხარი, თუ როგორ გამწერეს, როდესაც ავად ვიყავი. მან შემიყვანა რენტგენის ოთახში, ტელეფონი ამოიღო და დარეკა. როლანდოვიჩს ესაუბრებოდა. როლანდოვიჩი მე ერთი ვიცოდი – ბაჩო ახალაია. თუმცა არ ვიცი, შეიძლება სხვაც არის. ალექსანდრე მუხაძემ მითხრა, რომ ჩემნაირ უზრდელ პატიმრებს კლავდა. მე ვუთხარი, მეც ეგ მინდა, ჩემი ცოდვები შენზე გადმოვიდეს-მეთქი. იმ მომენტში ელექტროშიკი დამადო. მერე თანამშრომლებს უთხრა, „ფას“ და წიხლებითა და ხელებით მირტყამდნენ. ადმინისტრაციამ ჟურნალში არ გაატარეს, საჩივარი რომ დავწერე, გამომძიებელი მოვიდა და საქმე აღძრეს ჩემ წინააღმდეგ – თავდასხმა ადმინისტრაციაზეო. მერე მოვიდნენ ექსპერტები ეს დაზიანებები გადაიღეს და ჩაწერეს“, – ყვება ალექსანდრე მანუკიანი.

ამასთან, ალექსანდრე მანუკიანი ყვება, რომ მას სასჯელაღსრულების მაშინდელ მინისტრთან, ბაჩო ახალაიასთან უკვე აკავშირებდა გარკვეული ტიპის ნაცნობობა.

„მანამდე მე ახალაიასთან მქონდა 2006-ში პრობლემები. ერთხელ შემოვიდნენ რუსთავში, შამპანურით ხელში. მე ვთქვი, რომ გვიანი იყო და შემოწმების დრო არ იყო. ფანჯრიდან ვნახე, ხალხს სცემდნენ. რომ ამოვიდნენ, „ბრიტვა“ ამოვიღე და გადავიჭერი ხელი, ვუთხარი, თუ სისხლი გინდათ, დალიეთ-მეთქო. სხვებმა ჩემზე უთხრეს, რომ ავადმყოფი ბიჭიაო და თავი დაანებეთო. ბაჩო ახალაიამ ამოიღო იარაღი, მესროლა ტყვია. ამცდა და ერთი კახელი ბიჭი იყო, იმას მოხვდა, მერე ის უდოთი გაუშვეს და ჩემს წინააღმდეგ ჩვენება მისცა, თითქოს მე თავდასხმას ვაპირებდი“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას ალექსანდრე მანუკიანმა.

2012 წლამდე პერიოდში, პატიმრის მიმართ ჯგუფურად არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით, სამკურნალო დაწესებულების ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე პროკურატურამ პასუხისგებაში მისცა.