ყოფილი კინო „რუსთაველის“ შენობასთან, სადაც „იგლ ჰილსის“ ოფისია განთავსებული, საპროტესტო აქცია გაიმართა
ყოფილი კინო „რუსთაველის“ შენობასთან, სადაც ახლა არაბული სამშენებლო კომპანიის, „იგლ ჰილსის“ ოფისია განთავსებული, ოთხი პოლიტიკური მოძრაობის – „სართულის“, „ქართული რესპუბლიკის“, „ეროვნული თანხმობის“, „სამოქალაქო თანხმობის“ ორგანიზებით, არაბული ინვესტიციის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციას პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეთა ნაწილიც შეუერთდა.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ დეველოპერული პროექტის განხორცილებაში ეროვნული ინტერესების დაზიანების რისკებს ხედავენ. მათი თქმით, ხელისუფლება ყიდის ქართულ მიწებს უცხოელებზე და საქართველო სერიოზული დემოგრაფიული პრობლემის წინაშე დადგება. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, არ განხორციელდეს დაგეგმილი სამშენებლო პროექტი.
აქციის ორგანიზატორებმა არაბული ინვესტიციის წინააღმდეგ პეტიციის ტექსტი გაავრცელეს და ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. წერილი სამი მოთხოვნისგან შედგება: ინვესტიციის ხელშეკრულების გასაჯაროება; პროექტის შესახებ სახალხო განხილვების დაწყება და მოქალაქეების თანხმობის გარეშე ნებისმიერი სამშენებლო სამუშაოების გაუქმება.
ორგანიზატორების განცხადებით, საპროტესტო აქციები პერმანენტულად გაიმართება.
საქართველოს ხელისუფლებასა და „იგლ ჰილსთან“ გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, თბილისსა და აჭარაში მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის აშენება იგეგმება.