ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე თბილისის ცენტრალური პარკის მოწყობის სამუშაოები დაიწყო [ფოტო]
ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე თბილისის ცენტრალური პარკის მოწყობის სამუშაოები დაიწყო [ფოტო]

ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე თბილისის ცენტრალური პარკის მოწყობის სამუშაოები დაიწყო.

პარკი 36 ჰექტარზე განთავსდება და მისი მოწყობისთვის სახსრებს ფონდი „ქართუ“ გაიღებს.

წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ტერიტორიაზე მოეწყობა მულტიფუნქციური სივრცე, სადაც გათვალისწინებულია ბოტანიკური ბაღი, იაპონური ბაღი, ფრანგული ბაღი, ამფითეატრი, შადრევანი, სკეიტ-პარკი, სასაზღვრო სატყეო ზონა, შიდა სატყეო სექტორი, საგანმანათლებლო ცენტრი, მდელო, ზიპლაინი, სპორტის ზონა და კვების ზონა. ასევე, მოეწყობა ცხოველების სასეირნო სივრცე, პანორამული პლატფორმა, გუბურა, თოკების პარკი, საფეხმავლო ხიდი, სამთო ველოსიპედების ბილიკები, სტრიტბოლის სივრცე, არეალები ლაშქრობისა და კლდეზე ცოცვისთვის, ხოლო პარკის გარშემო იფუნქციონირებს სამი ავტოსადგომი.

ყოფილი იპოდრომის ტერიტორია საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ თბილისის მუნიციპალიტეტს საჩუქრად გადასცა. ქონების საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულებას ხელი 5 ოქტომბერს მოეწერა.

ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარის, ნიკოლოზ ჩხეტიანის განცხადებით, ძალიან მალე თბილისს ახალი ცენტრალური პარკი ექნება.

„პროექტის პრეზენტაცია რამდენიმე დღის წინ იყო. დღეს უშუალოდ სამუშაოები დავიწყეთ, თბილისელებს როგორც დავპირდით. დღეიდან ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ფონდი „ქართუ“ პარკის მოწყობის სამუშაოებს განახორციელებს. ძალიან მალე თბილისს ახალი ცენტრალური პარკი ექნება. ამჟამინდელი შეფასებით, აღნიშნული სამუშაოები 15-20 მილიონი დოლარი დაჯდება. შესაძლოა, სამუშაოების წარმოების პროცესში ეს თანხა გადაიხედოს და უფრო გაიზარდოს კიდეც“, – განაცხადა ჩხეტიანმა.