დიქტატორ ფრანსისკო ფრანკოს ცხედრის ნაშთები მავზოლეუმიდან მადრიდის სასაფლაოზე გადაასვენეს
დიქტატორ ფრანსისკო ფრანკოს ცხედრის ნაშთები მავზოლეუმიდან მადრიდის სასაფლაოზე გადაასვენეს

ესპანეთში დიქტატორის, ფრანსისკო ფრანკოს ცხედრის ნაშთები მავზოლეუმიდან მადრიდის სასაფლაოზე გადაასვენეს.

ფრანკოს ცხედრის ნაშთები ელ-პარდოს სასაფლაოზე ვერტმფრენით გადაიტანეს და მეუღლის გვერდით დაკრძალეს. ცერემონიაზე დასწრების უფლება მხოლოდ ყოფილი დიქტატორის ნათესავებს მისცეს.

„დაცემულთა ველზე“ მდებარე მავზოლეუმიდან ფრანკოს ნაშთების გადასვენების იდეა ესპანეთის მმართველ სოციალისტურ პარტიას ეკუთვნის.

ესპანეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ქვეყანამ არ უნდა გააგრძელოს ფაშისტის განდიდება, რომელიც ესპანეთს თითქმის 40 წლის განმავლობაში მართავდა.

ფრანკოს ოჯახმა მთავრობის გადაწყვეტილება სასამართლოში რამდენჯერმე უშედეგოდ გაასაჩივრა. ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა ფრანკოს ექსჰუმაციას ღირსების, ხსოვნის, სამართლიანობისა და ესპანური დემოკრატიის გამარჯვება უწოდა.

მავზოლეუმში 30 ათასზე მეტი ადამიანია დასაფლავებული, რომლებიც 1936-39 წლების სამოქალაქო ომს ემსხვერპლნენ.

ომის დროს დაღუპული ერთ-ერთი მამაკაცის შთამომავალი აცხადებს, რომ ფრანკოს ჯარების მიერ მოკლული ადამიანებისა და ფრანკოს ერთ ადგილას დასაფლავება აბსურდი იყო. კრიტიკოსები ესპანეთის მთავრობას ნოემბერში დაგეგმილ არჩევნებთან დაკავშირებით პოლიტიკურ თამაშში ადანაშაულებენ.

ესპანეთის სამოქალაქო ომში გამარჯვება ფრანკოს მსოფლიონაციონალისტებმა 1939 წელს მოიპოვეს. ფრანსისკო ფრანკო, რომელმაც გამარჯვებას ნაცისტური გერმანიისა და მუსოლინის იტალიის დახმარებით მიაღწია, ესპანეთს გარდაცვალებამდე, 1975 წლამდე მართავდა.

ფრანკოს შემდეგ ესპანეთში დემოკრატია დამყარდა.