ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის საზღვარზე მესაზღვრეებმა ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს
ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის საზღვარზე მესაზღვრეებმა ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს

ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის საზღვარზე მესაზღვრეებმა ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს, ვრცელდება ინფორმაცია მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ, მათ შორის მშვიდობიან მოქალაქეებს შორის.

ყირგიზეთის ხელისუფლების ცნობით, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ტაჯიკეთის მოქალაქეებმა გადაკეტეს ყირგიზეთის ერთ-ერთი სოფლისკენ მიმავალი გზა. ორივე ქვეყნის მესაზღვრეებმა გზის გახსნა შეძლეს, თუმცა მოგვიანებით მხარეებს შორის შეტაკება დაიწყო. ყირგიზეთის ხელისუფლებამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ყირგიზეთი და ტაჯიკეთი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, თუმცა საზღვარზე შეტაკება განახლდა.

თავის მხრივ, ტაჯიკეთის ხელისუფლების განცხადებით, ტაჯიკეთის მესაზღვრეები თავიანთ მოქალაქეებს იცავდნენ. ტაჯიკეთი ცეცხლის თავდაპირველად გახსნაში ყირგიზეთს ადანაშაულებს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ყირგიზეთის მხარეს დაშავებულია ოთხი სამხედრო. მესაზღვრეებსა და სამოქალაქო პირებს შორის მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ტაჯიკეთიც, თუმცა უცნობია, რამდენი ადამიანია დაშავებული ან დაჭრილი.

მხარეებს ცეცხლი შეწყვეტისკენ მოუწოდა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ, რომლის წევრები არიან ტაჯიკეთი და ყირგიზეთი.

გასული წლის აპრილში ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის საზღვარზე მომხდარ შეიარაღებულ შეტაკებას სულ მცირე 49 ადამიანი ემსხვერპლა.