ყირგიზეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ალმაზბეკ ატამბაევმა აღიარა, რომ შტურმის დროს სპეცრაზმელების მიმართულებით პირადად ისროდა
ყირგიზეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ალმაზბეკ ატამბაევმა აღიარა, რომ შტურმის დროს სპეცრაზმელების მიმართულებით პირადად ისროდა

ყირგიზეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ალმაზბეკ ატამბაევმა აღიარა, რომ შტურმის დროს სპეცრაზმელების მიმართულებით პირადად ისროდა.

ატამბაევის თქმით, მის მომხრეებს იარაღი არ ჰქონიათ და სროლის დროს ცდილობდა, რომ ტყვია ადამიანებს არ მოხვედროდა.

ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, მზად არის იმოქმედოს სპეცდანიშნულების რაზმის „ალფას“ ექვსი მებრძოლის გასათავისუფლებლად, რომელიც მისმა მომხრეებმა დააკავეს და ამჟამად მის სახლში დაცვის ქვეშ იმყოფებიან.

ალმაზბეკ ატამბაევის თქმით, მისი მხარდამჭერები ბიშკეკში, პარლამენტის შენობასთან 8 აგვისტოს მიტინგს ჩაატარებენ. ბოლო მონაცემებთ, ატამბაევის სახლთან მომხდარი დაპირისპირების შედეგად 1 სპეცრაზმელი დაიღუპა და 52 ადამიანი დაშავდა. სპეცრაზმის პირველი ოპერაციის დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს, თუმცა მომხრეების წინააღმდეგობის გამო, ატამბაევის დაკავება ამ დროისთვის არ დასტურდება.

მოგვიანებით ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა ტელეკომპანია „აპრილის“ ეთერით მიმართვა გაავრცელა და სამართალდამცველებს მოუწოდა, არ წავიდნენ ხალხის ნების წინააღმდეგ. ატამბაევის დაკავების ოპერაციას ყირგიზეთის პრეზიდენტი, სოორონბაი ჟეენბეკოვი გამოეხმაურა და თქვა, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა უხეშად დაარღვია კონსტიტუცია და ქვეყნის კანონმდებლობა.

ალმაზბეკ ატამბაევის სახლთან მომხდარ შეტაკებასთან დაკავშირებით, ყირგიზეთის გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. სპეცდანიშნულების რაზმმა ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტის დაკავების ოპერაცია 7 აგვისტოს დაიწყო. ალმაზბეკ ატამბაევს სასამართლოში მოწმის სახით გამოუცხადებლობაში და კორუფციაში ადანაშაულებენ.