ყირგიზეთის საპრეზიდენტო არჩევნებში სადირ ჟაპაროვმა გაიმარჯვა
ყირგიზეთის საპრეზიდენტო არჩევნებში სადირ ჟაპაროვმა გაიმარჯვა

ყირგიზეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად სადირ ჟაპაროვი დასახელდა.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, ბიულეტენების 100 პროცენტის დათვლის შემდეგ, ოფიციალური მონაცემები დღეს გამოაქვეყნა. ჟაპაროვს ამომრჩეველთა 79,23 პროცენტმა დაუჭირა მხარი, მისმა ოპონენტმა, ადახან მადუმაროვმა კი 6,8 პროცენტი მიიღო.

ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ყირგიზეთში 10 იანვარს გაიმართა. ასევე ჩატარდა რეფერენდუმიც, სადაც პრეზიდენტის ინსტიტუტის გაძლიერებას მხარი 1,1 მილიონმა ადამიანმა დაუჭირა, საპარლამენტო მმართველობას კი 152 ათასი მიემხრო.

შეგახსენებთ, ყირგიზეთში საპროტესტო აქციები 4 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, სადაც ოფიციალური შედეგებით მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა. დემონსტრანტები პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ და პატიმრობიდან ყოფილი პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი გაათავისუფლეს.

მოგვიანებით, ყირგიზეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების შედეგები ბათილად გამოაცხადა, პრემიერ-მინისტრმა კი თანამდებობა დატოვა. ყირგიზეთის პარლამენტმა საგანგებო სხდომაზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად სადირ ჟაპაროვი დაამტკიცა, რომელიც მომიტინგეებმა არეულობის დროს გაათავისუფლეს.

ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების ფონზე, ყირგიზეთის პრეზიდენტი სოორონბაი ჟეენბეკოვი გადადგა და ქვეყანაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნა.