ყირგიზეთის პრეზიდენტმა ბიშკეკში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
ყირგიზეთის პრეზიდენტმა ბიშკეკში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

ყირგიზეთის პრეზიდენტმა, სოორონბაი ჟეენბეკოვმა დედაქალაქ ბიშკეკში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მან ასევე სამხედრო ტექნიკისა და ჯარის შეყვანის განკარგულება გასცა ბლოკ-პოსტების მოწყობისთვის, შეიარაღებული შეტაკებების აღსაკვეთად, მართლწესრიგის უზრუნველსაყოფად და მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად.

შესაბამისი განკარგულება ყირგიზეთის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

პრეზიდენტის განკარგულებით, ბიშკეკში კომენდანტის საათი გამოცხადდა, ასევე წესდება კონტროლი მედიაზე და კავშირის საშუალებების გამოყენების განსაკუთრებული წესები.

საგანგებო მდგომარეობა დღეს საღამოს 20:00 საათიდან ამოქმედდება და 21 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

ყირგიზეთში საპროტესტო გამოსვლები საპარლამენტო არჩევნების შედეგების წინააღმდეგ 5 ოქტომბერს დაიწყო. დემონსტრანტები პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ და პატიმრობიდან ყოფილი პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი გაათავისუფლეს. მოგვიანებით, ყირგიზეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების შედეგები ბათილად გამოაცხადა, პრემიერ-მინისტრმა კი, თანამდებობა დატოვა. ყირგიზეთის პარლამენტმა საგანგებო სხდომაზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად სადირ ჟაპაროვი დაამტკიცა, რომელიც მომიტინგეებმა არეულობის დროს გაათავისუფლეს.