ყენია მოედანს ორწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა
ყენია მოედანს ორწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა

ლევან ყენია მოედანს ორწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. ეს დღეს, ეროვნულ საფეხბურთო ლიგის შეხვედრაში მოხდა, სადაც თბილისის „ლოკომოტივი“ „კოლხეთი 1913“-ს შეხვდა.

28 წლის ფეხბურთელი 2016 წლის ზაფხულის პრაღის „სლავიაში“ მიღებული ტრავმის შემდეგ მკურნალობდა. ყენია თბილისის „ლოკომოტივში“ 2017 წელს ჩაირიცხა, მაგრამ განკურნებას ვერ ახერხებდა. ეს მხოლოდ გაზაფხულზე შეძლო, სათამაშო განაცხადში კი დღეს პირველად მოხვდა.

ლევანი მოედანზე მსაჯის მიერ დამატებულ 90+2 წუთზე 20-ნომრიანი მაისურით გამოჩნდა, სულ რაღაც ორი წუთი ითამაშა და ბურთს ფეხი ერთხელ შეახო. მაგრამ ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელის მოედანზე დაბრუნება მნიშვნელოვანი მოვლენა გამოდგა.

შეგახსენებთ, რომ ყენია 2008-2012 წლებში გერმანულ „შალკეში“ ირიცხებოდა, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში კი 29 თამაში ჩაატარა.