„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ - სამი წლის განმავლობაში CO-თი მოწამვლით 64 პირი გარდაიცვალა
„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ - სამი წლის განმავლობაში CO-თი მოწამვლით 64 პირი გარდაიცვალა

„ყაზტრანსგაზ-თბილისმა“ შეხვედრა „მეტი უსაფრთხოებისთვის“ გამართა, რომელშიც კომპანიის ხელმძღვანელებმა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა, სემეკ-ის, თბილისის მერიისა და საკრებულოს, დედაქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა და ენერგო ომბუდსმენმა მიიღეს მონაწილეობა.

ღონისძიებაზე მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ ის ადამიანები, რომლებმაც სხვადასხვა დროს საკუთარ თავზე გამოსცადეს ტრაგედიები. მათ ჟურნალისტებს უამბეს, თუ რა მძიმე პერიოდი გადაიტანეს იმის გამო, რომ არ გაითვალისწინეს სპეციალისტების რჩევები, რამაც ზოგიერთ შემთხვევაში ფატალური შედეგი მოიტანა.

„64 გარდაცვლილი და 194 მოწამლული – ასეთია სამი წლის განმავლობაში დაუდევრობისა და არასწორად დამონტაჟებული გამათბობლების მიზეზით, CO (ცეოსგან) მოწამვლისა და გარდაცვალების სტატისტიკა.

მიუხედავად იმისა, რომ ყოველწლიურად მსგავსი შემთხვევები მცირდება (2018 წელს 13 ადამიანი გარდაიცვალა და 16 მოიწამლა) „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ მიზანი ამ მაჩვენებლების მაქსიმალურად ნულამდე დაყვანაა.

ამ მიზნის მიღწევის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა, მოსახლეობის საფრთხეების შესახებ ინფორმირება და მათ მიერ სპეციალისტების რჩევების გათვალისწინებაა. რამდენიმე წელია, „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ აქტიურ უსაფრთხოების კამპანიას აწარმოებს სახელწოდებით „მეტი უსაფრთხოებისთვის“. მიუხედავად მიღწეული შედეგებისა, მოსახლეობის დიდი ნაწილი მაინც უგულებელყოფს კომპანიის სპეციალისტების რჩევებს უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით. კომპანიამ გადაწყვიტა, შეცვალოს „მეტი უსაფრთხოების“ კამპანიის სტრატეგია და აღარ შემოიფარგლება ცალკეული კლიპებითა თუ ბანერებით, ამ კამპანიაში ჩაერთო რეალური ისტორიები იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც სხვადასხვა დროს გაუფრთხილებლობით CO (ცეოთი) მოიწამლნენ, ან მათ ოჯახებში ტრაგედია დატრიალდა“, – აცხადებენ „ყაზტრანსგაზ-თბილისში“.