„ყაზტრანსგაზ თბილისი“ - პეკინის გამზირზე ხანძარი ქიმიური ნივთიერების აალებამ გამოიწვია
„ყაზტრანსგაზ თბილისი“ - პეკინის გამზირზე ხანძარი ქიმიური ნივთიერების აალებამ გამოიწვია

კომპანია „ყაზტრანსგაზ თბილისის“ ინფორმაციით, თბილისში, პეკინის 30 ნომერში აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად არ მომხდარა.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი ქიმიური ნივთიერების აალებამ გამოიწვია.

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, პეკინის გამზირზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან გაზის ობიექტის ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

როგორც შსს-ში აცხადებენ, ამ ეტაპზე დაუდგენელი მიზეზით თბილისში პეკინის N30-ში მცხოვრებ ერთ-ერთ მოქალაქეს, სავარაუდოდ, აუფეთქდა ქურა.

„ადგილზე დაუყოვნებლივ მოხდა პოლიციის, სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო დახმარების თანამშრომლების მობილიზება.

მომხდარის შედეგად დაშავდა ერთი მამაკაცი, რომელსაც სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები არ მიუღია. მას ადგილზე ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო დახმარება და შემდგომი სამედიცინო კვლევებისთვის გადაყვანილია საავადმყოფოში“,- აცხადებენ შსს-ში.