ყაზბეგიდან გადმოყვანილი ჩინელ ტურისტთა ჯგუფი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მიიყვანეს
ყაზბეგიდან გადმოყვანილი ჩინელ ტურისტთა ჯგუფი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მიიყვანეს

ყაზბეგიდან გადმოყვანილი ჩინელ ტურისტთა ცხრაკაციანი ჯგუფი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილებით თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მიიყვანეს.

როგორც ერთ-ერთმა ტურისტმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ დროისთვის მათ დაბალი სიცხე აქვთ, რომელიც 37 გრადუსის ფარგლებში მერყეობს, მანამდე კი მაქსიმალური ტემპერატურა 38.3-ის ფარგლებში დაფიქსირდა.

ტურისტის განცხადებით, საქართველოში აზერბაიჯანიდან რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდნენ.

დამატებითი კომენტარი გააკეთა ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ. მისი თქმით, აღნიშნულ პირებს ჩაუტარდებათ სტანდარტით გათვალისწინებული კვლევები, რის შემდეგაც შეძლებს უფრო დეტალურ დიაგნოზზე საუბარს.

„ლაბორატორიულად გაკეთდება ანალიზები. სამ ქვეყანას აქვს ტესტერები, რომლებიც ეგრევე ადასტურებს კორონავირუსი არის თუ არა. ჩვენ გავაკეთებთ 10 სხვა გამომწვევ სიმპტომზე ანალიზს და გამორიცხვის მეთოდით წავალთ. თუ ვთქვათ, დადგინდა რომელიმე გამომწვევი, მაგალითად, გრიპი, მაშინ მოიხსნება კორონავირუსის არსებობის ეჭვი. თუ არც ერთი მათგანი არ დადგინდ​​ა და დაუდგენელი ვირუსული ნიშანი გამოვლინდა, მაშინ დარჩება დაკვირვების ქვეშ. ბავშვები ახლა შეიყვანეს საავადმყოფოში, ხოლო ოჯახის წევრები და ვინც მათთან კონტაქტში იყვნენ, არიან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. ასეთია წესი“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში სამი დღის წინ უკვე ჰყავდათ ცხრა თვის ჩინელი ბავშვი, რომელსაც ტემპერატურის მომატება აღენიშნებოდა.

„მას ჩაუტარდა გამოკვლევა სხვა გამომწვევებზე და დადგინდა „ბე“ გრიპი. შესაბამისად, მოიხსნა ახალი კორონავირუსის საფრთხე“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

როგორც მანამდე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ, პაატა იმნაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, დღევანდელი ფაქტი არ განეკუთვნება კორონავირუსის სავარაუდო ან საეჭვო შემთხვევას. პაატა იმნაძის განმარტებით, ტურისტები არიან ჩინეთის იმ პროვინციიდან, სადაც ვირუსი არ არის დაფიქსირებული და უხანიდან 1300 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. იმნაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამ შემთხვევაში კორონავირუსის ალბათობა პრაქტიკულად არ არსებობს, აღნიშნულ პირებს დააკვირდებიან და შესაბამის გამოკვლევებს ჩაუტარებენ.