ყაზახეთში საქართველოს ელჩი ზურაბ აბაშიძე​ მანგისტაუს ოლქს ეწვია
ყაზახეთში საქართველოს ელჩი ზურაბ აბაშიძე​ მანგისტაუს ოლქს ეწვია

ყაზახეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ზურაბ აბაშიძე მანგისტაუს ოლქს ეწვია.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩი მანგისტაუს ოლქის აკიმს (გუბერნატორი) ერალი ტუგჟანოვს შეხვდა. შეხვედრაზე სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

ამასთან, საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, ყაზახურ მხარეს ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდა საქართველოს ხელსაყრელი გეოგრაფიულ ადგილმდებარეობის, ლიბერალური საინვესტიციო გარემოს, მიმდინარე რეფორმების, გამარტივებული საგადასახადო სისტემისა და საბაჟო ადმინისტრირების შესახებ.

„აღინიშნა, რომ ყაზახეთს საქართველოსთან განსაკუთრებული ურთიერთობები აკავშირებს.  ხაზი გაესვა 2016 წელს ხელმოწერილი თანამშრომლობის მემორანდუმის მნიშვნელობას მანგისტაუს ოლქსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში და აღნიშნულია, რომ ყაზახეთის მხარემ გამოხატა დაინტერესება, გაიზიაროს საქართველოს გამოცდილება ტურიზმის განვითარების სფეროში. ამ მიზნით, ქართულმა მხარემ ერალი ტუგჟანოვი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მიიწვია.

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკიდან ვიზიტორების ზრდა. ამ მხრივ, ხაზი გაესვა, რომ 2018 წლის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ყაზახი ტურისტების რიცხვი 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით 24,8 პროცენტით გაიზარდა.

მანგისტაუს ოლქში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ზურაბ აბაშიძის შეხვედრა „ქართული კულტურული ცენტრის“ წარმომადგენლებთან. ელჩმა ქართულ დიასპორას ინფორმაცია მიაწოდა ბოლო პერიოდში საქართველოში მიმდინარე მოვლენებისა და საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსა და ყაზახეთის შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებს.

„ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართულ დიასპორას დიდი როლი ენიჭება ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური, კულტურულ–ჰუმანიტარული ურთიერთობების განვითარებაში და მნიშვნელოვანი კონტაქტების დამყარებაში“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

მანგისტაუს ოლქი ყაზახეთის რესპუბლიკის სატრანზიტო რეგიონალურ ჰაბს წარმოადგენს, სადაც განთავსებულია „აქტაუს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტი“, საზღვაო პორტი „კურიკი“ და ეკონომიკური მნიშვნელობის მქონე სხვა ობიექტები. მანგისტაუს ოლქში მოქმედებს 27 საწარმო ქართული კაპიტალის თანამონაწილეობით.