ყაზახეთში საპარლამენტო არჩევნების მოწინააღმდეგეთა აქციის მონაწილეები დააკავეს
ყაზახეთში საპარლამენტო არჩევნების მოწინააღმდეგეთა აქციის მონაწილეები დააკავეს

ყაზახეთში საპარლამენტო არჩევნების მოწინააღმდეგეთა აქციის მონაწილეები დააკავეს. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, მომიტინგეები ალმათის ცენტრალურ მოედანზე მართავდნენ შეკრებას და მოქალაქეებს არჩევნების ბოიკოტისკენ მოუწოდებდნენ.

მედიის ცნობით, პოლიციამ დემონსტრანტები ალყაში მოაქცია და ათეულობით მათგანი დააკავა.

აქციის ორგანიზატორი ყაზახეთის დემოკრატიული პარტიაა, რომელიც ცესკო-მ არ დაარეგისტრირა. პარტიის წევრები ქვეყენაში დღეს მიმდინარე არჩევნებს უკანონოდ მიიჩნევენ.

არჩევნების ბოიკოტს ითხოვს ასევე მოძრაობა „ყაზახეთის დემოკრატიული არჩევანი“, რომლის ლიდერიც ექს-ბანკირი მუხთარ აბლიაზოვია. აღნიშნული მოძრაობის მომხრეებმა აქცია ასტანაში გამართეს. მიტინგის მონაწილეები ამ შემთხვევაშიც დააკავეს.

საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტიის გარდა კიდევ ოთხი პოლიტიკური გაერთიანება მონაწილეობს. თუმცა, როგორც „როიტერი“ იუწყება, ამ პარტიების წარმომადგენლებს ღიად არ გაუკრიტიკებიათ ყაზახეთის მთავრობის ლიდერები, ამის გამო ოპონენტები აცხადებენ, რომ ეს პარტიები ხელისუფლების მიერაა მართული.

სოციალ-დემოკრატიული პარტია, რომელიც ყაზახეთში მთავარ ოპოზიციურ ძალად ითვლება, არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს.