ყაზახეთში მყოფი საქართველოს ხუთი მოქალაქე უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი, აეროპორტში ჩარჩენილი კიდევ სამი მოქალაქე კი სასტუმროში გადაჰყავთ
ყაზახეთში მყოფი საქართველოს ხუთი მოქალაქე უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი, აეროპორტში ჩარჩენილი კიდევ სამი მოქალაქე კი სასტუმროში გადაჰყავთ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ყაზახეთში საქართველოს საელჩოში ამოქმედებულია ცხელი ხაზი. ამასთან, საქართველოს მოქალაქეებს საელჩოსთან დაკავშირება ელფოსტითაც შეუძლიათ.

„ყაზახეთში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ ყაზახეთში საქართველოს საელჩო მუშაობას განაგრძობს ჩვეულებრივ რეჟიმში, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, დარეკონ ნომერზე: +7 (717) 224-32-58.

ამასთან, ყაზახეთში ინტერნეტისა და სატელეფონო კავშირის შეფერხებით მუშაობის გამო, თუ მოქალაქეები ცხელ ხაზზე დაკავშირებას ვერ ახერხებენ, მათ შეუძლიათ შეტყობინებები გააგზავნონ ელფოსტის მისამართზე: [email protected]“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

მათივე ცნობით, ამ დროისთვის საქართველოს საკონსულო ხაზზეა ყაზახეთში მყოფ საქართველოს ყველა მოქალაქესთან.

„ყაზახეთში საქართველოს კონსულის ინფორმაციით, ყაზახეთში საქართველოს საკონსულოს დახმარებისთვის უკვე მიმართა ქართული ანსამბლის, „ილორის“ ოთხმა წევრმა. საკონსულოს ძალისხმევით, ისინი ალმათიდან 30 კილომეტრის მოშორებით, უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს და ამჟამად მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ანსამბლის ხელმძღვანელის, ბაჩანა მელაშვილის თქმით, ანსამბლის წევრები უზრუნველყოფილნი არიან საკვებითა და საჭირო მედიკამენტებით.

კონსულის განცხადებით, საკონსულოს დახმარებისთვის მიმართა ყაზახეთში მცხოვრებმა საქართველოს კიდევ ერთმა მოქალაქემ, რომელიც ამჟამად დასავლეთ ყაზახეთის ქ. ატირაუშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სასტუმროში გადაჰყავთ ასევე აქტაუს აეროპორტში ჩარჩენილი საქართველოს სამი მოქალაქე. მიმდინარეობს მოლაპარაკება შესაბამის ავიაკომპანიასთან, საქართველოს მოქალაქეების უახლოეს მომავალში სამშობლოში დაბრუნების მიზნით.

როგორც მოგეხსენებათ, ყაზახეთში მიმდინარე მასობრივი არეულობის ფონზე, ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ქალაქ ალმათის კომენდატურის ცნობით, ყაზახეთში ამჟამად სპეცოპერაცია მიმდინარეობს“, – აღნიშნავენ საქართველოს საგარეო უწყებაში.

დატოვე კომენტარი