ყაზახეთში ანტისამთავრობო აქციის ათობით მონაწილე დააკავეს
ყაზახეთში ანტისამთავრობო აქციის ათობით მონაწილე დააკავეს

ყაზახეთის ქალაქ ალმათიში პოლიციამ ანტისამთავრობო დემონსტრაციის ათობით მონაწილე დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ქალაქის ცენტრალურ მოედანზე 100-ზე მეტი აქტივისტი მონაწილეობდა. დემონსტრანტები ყაზახეთის პრეზიდენტის, კასიმ-ჟომარტ ტოკაევის გადადგომას ითხოვდნენ, რომელმაც პოსტი გასულ წელს ნურსულთან ნაზარბაევისგან გადაიბარა. ამას გარდა, აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ ყოფილი პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის მიერ ძალაუფლების შენარჩუნებას.

„რატომ არის ღარიბი ხალხი ნავთობითა და გაზით მდიდარ ქვეყანაში?“ – ეწერა აქციის მონაწილეების ერთ-ერთ პლაკატზე.

დემონსტრაციის მონაწილეთა ერთ ჯგუფს ხელში ეკავა პლაკატი წარწერით „მე ვერ ვსუნთქავ“. ეს არის ფრაზა, რომელიც აშშ-ში ფერადკანიანი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გამო დაწყებული დემონსტრაციებზე ისმის.
პოლიციასთან დაპირისპირების შემდეგ, სამართალდამცველებმა ათობით დემონსტრანტი დააკავეს.

აღსანიშნავია, რომ 6 ივნისიდან ყაზახეთში ძალაში შევიდა დემონსტრაციების შესახებ უფრო ლიბერალური კანონი, რომლის თანახმადაც, საპროტესტო აქციის გამართვისთვის ხელისუფლების ნებართვა აღარ არის საჭირო.

როგორც „როიტერი“ წერს, ხელისუფლების წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ პრაქტიკაში კანონის ამოქმედებას კიდევ ხუთდღიანი პერიოდი სჭირდება. ამასთან, მთავრობაში განაცხადეს, რომ ოპოზიციურმა ჯგუფებმა არ შეატყობინეს ადგილობრივ ხელისუფლებას დემონსტრაციის გამართვის გეგმის შესახებ და დაარღვიეს კორონავირუსის გამო დაწესებული სოციალური დისტანციის წესები.