ყაზახეთში ახლადშექმნილმა პარტიამ „ადალეთი“ საპარლამენტო არჩევნებში ხმათა 71% მოიპოვა
ყაზახეთში ახლადშექმნილმა პარტიამ „ადალეთი“ („სამართლიანობა“) საპარლამენტო არჩევნებში ხმათა 71% მოიპოვა. ინფორმაციას ქვეყნის საარჩევნო კომისია ავრცელებს. მათივე ცნობით, პარტია ყაზახეთის პარლამენტის (ყურულთაის) 145 ადგილიდან 111-ს დაიკავებს.
ყაზახეთის ცესკო-ს ხელმძღვანელმა ნურლან აბდიროვმა განაცხადა, რომ არჩევენბში მონაწილე შვიდიდან ხუთმა პარტიამ 5%-იანი ბარიერი გადალახა. არჩევნებში მეორე ადგილი პარტიამ „აუილი“ („სოფელი“) დაიკავა ხმათა 6.26%-ით, მესამე ადგილი კი პარტია „რესპუბლკამ“ დაიკავა ამომრჩევლების 5.56%-იანი მხარდაჭერით.
ყაზახეთის პარლამენტში ასევე მოხვდნენ „აკ ჟოლი“ („ნათელი გზა“) – 5,21%-ით და საერთოეროვნული სოციალ-დემოკრატიული პარტია – 5,11%-ით. ყაზახეთის სახალხო პარტიამ (3.11%) და „ბაიტაკ“ მწვანეთა პარტიამ (1.07%) ვერ გადალახეს პარლამენტში მოსახვედრად საჭირო 5%-იანი ბარიერი.
ამასთან, ცესკო-ს მონაცემებით, ამომრჩეველთა 2.51%-მა ყველა კანდიდატის წინააღმდეგ მისცა ხმა. ცნობისთვის, პირველ ივლისს ყაზახეთში ამოქმედდა ახალი კონსტიტუცია, რომელიც 15 მარტს ჩატარებულ ეროვნულ რეფერენდუმზე მიიღეს. ის ითვალისწინებს ერთპალატიანი პარლამენტის შექმნას, რომელშიც 145 დეპუტატი იქნება.