ყაზახეთმა სიკვდილით დასჯა სრულად გააუქმა
ყაზახეთმა სიკვდილით დასჯა სრულად გააუქმა

ყაზახეთში სასჯელის უმაღლესი ზომა, სიკვდილით დასჯა სრულად გაუქმდა. კანონს „სიკვდილით დასჯის გაუქმების შესახებ ყაზახეთის რესპუბლიკის ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ“ ქვეყნის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა მოაწერა ხელი.

2021 წლის დასაწყისში ყაზახეთმა სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის მეორე ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება მოახდინა, რომელიც სიკვდილით დასჯის გაუქმებას ისახავს მიზნად. ეს დოკუმენტი 1989 წლის დეკემბერს, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე მიიღეს. ყაზახეთი ამ დოკუმენტს იმ პირობით შეუერთდა, რომ ომიანობის პერიოდში სიკვდილით დასჯა დასაშვები იქნებოდა.

2021 წლის ოქტომბერში, ყაზახეთის პარლამენტის ქვედა პალატამ (მეჯლისი) დაამტკიცა კანონპროექტი ქვეყნის სისხლის სამართლის კოდექსში სიკვდილით დასჯაზე ცვლილებების შესახებ. ეს ცვლილებები ითვალისწინებდა სიკვდილით დასჯის, როგორც სასჯელის შენარჩუნებას მხოლოდ სამხედრო ხასიათის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებზე. უკვე 2021 წლის დეკემბერში, ქვედა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც სიკვდილით დასჯის სრულ გაუქმებას გულისხმობს. მოგვიანებით ამ ინიციატივას მხარი დაუჭირა ზედა პალატამაც (სენატი).