ყაზახეთის შინაგან საქმეთა მინისტრი - ყაზახეთი არ გადასცემს რუსეთს იმ პირებს, რომლებიც თავს არიდებენ სამხედრო მობილიზაციას 
ყაზახეთის შინაგან საქმეთა მინისტრი - ყაზახეთი არ გადასცემს რუსეთს იმ პირებს, რომლებიც თავს არიდებენ სამხედრო მობილიზაციას 

ყაზახეთი არ გადასცემს რუსეთს იმ პირებს, რომლებიც თავს არიდებენ სამხედრო მობილიზაციას. „ბიბისის“ ცნობით, აღნიშნულის შესახებ ყაზახეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მარატ ახმეტჟანოვმა განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნებს შორის ძებნილი პირების ექსტრადიცია ურთიერთშეთანხმებით რეგულირდება და სამხედრო აღრიცხვის სამსახურების მხრიდან რუსეთის მოქალაქეების ძებნაში გამოცხადება არ წარმოადგენს მათი სამშობლოში ექსტრადირების სამართლებრივ საფუძველს.

ამასთან, ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების დღიდან, ყაზახეთში 100 ათასამდე რუსეთის მოქალაქე შევიდა.

როგორც „ბიბისი“ წერს, ყაზახეთში შესასვლელად რუსეთის მოქალაქეები არ საჭიროებენ ვიზას და საზღვარგარეთის პასპორტის ქონას.