ყაზახეთის ქალაქ ალმათის კომენდანტის განცხადებით, საპროტესტო აქციების ფონზე ქალაქში ძარცვისა და მოროდიორობის ფაქტები დაფიქსირდა
ყაზახეთის ქალაქ ალმათის კომენდანტის განცხადებით, საპროტესტო აქციების ფონზე ქალაქში ძარცვისა და მოროდიორობის ფაქტები დაფიქსირდა

ყაზახეთის ქალაქ ალმათის კომენდანტის, ქანათ თაიმერდენოვის განცხადებით, საპროტესტო აქციების ფონზე ქალაქში ძარცვისა და მოროდიორობის ფაქტები დაფიქსირდა. მისი თქმით, 5 იანვრის ღამეს შეინიშნებოდა ექსტრემისტული დაჯგუფებების გააქტიურება, რომელთა არაკანონიერი ქმედებების შედეგად დამწვარია 120-ზე მეტი სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის 33 პოლიციის, სასწრაფო დახმარებისა და სახანძრო მანქანები.

კომენდანტის განცხადებით, ქალაქ ალმათში დაშავებულია 500-ზე მეტი მოქალაქე, მათ შორის 130 ქალი. ამასთან, თაიმერდენოვის თქმით, დაზიანებულია 120-მდე მაღაზია, 180-ზე მეტი კვების ობიექტი და 100-მდე ოფისი.

ქალაქის კომენდანტმა მოსახლეობას მოუწოდა, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული ზომები და არ აჰყვნენ პანიკას, პროვოკაციას.

მასობრივი საპროტესტო აქციები ყაზახეთში მეოთხე დღეა, მიმდინარეობს, რომელიც გათხევადებული აირის გაძვირების გამო დაიწყო.