ყაზახეთის პრეზიდენტმა ირაკლი კობახიძეს მიმართა – თქვენი ძლიერი ლიდერობა საშუალებას აძლევს საქართველოს, გაუმკლავდეს რთულ გამოწვევებს, ამავდროულად, შეინარჩუნოს განვითარების კურსი

18:37, 29.06.2026

მსურს, აღვნიშნო ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ ბოლო წლებში მიაღწია. თქვენი ძლიერი ლიდერობა საშუალებას აძლევს საქართველოს, წარმატებით გაუმკლავდეს რთულ გამოწვევებს და, ამავდროულად, შეინარჩუნოს განვითარების სტაბილური კურსი, – ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან გაფართოებულ ფორმატში გამართული შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოსა და ყაზახეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტის ხელმოწერა ისტორიული გადაწყვეტილებაა, რომელიც ქართველი და ყაზახი ხალხების ინტერესებს ემსახურება.

„საქართველო ჩვენთვის გამოცდილი და უაღრესად სანდო პარტნიორია. ჩვენ განსაკუთრებით ვაფასებთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ტრადიციულ მეგობრულ ურთიერთობებს. ჩვენს ქვეყნებს აკავშირებს ღრმა ისტორიული ფესვები, საერთო კულტურული ღირებულებები და მჭიდრო ხალხთაშორისი კავშირები, რომლებიც ჩვენი პარტნიორობის მყარ საფუძველს ქმნის. ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ თქვენს პირად წვლილს ყაზახეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობისა და მეგობრობის განმტკიცებაში. დღეს ჩვენ ხელს მოვაწერთ ერთობლივ განცხადებას, რომელიც ჩვენს ურთიერთობებს სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე აიყვანს. ეს მართლაც ისტორიული გადაწყვეტილებაა, რომელიც ემსახურება ჩვენი ხალხების ძირითად ინტერესებს და ქმნის მყარ საფუძველს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შემდგომი გაფართოებისთვის. ეს ყაზახეთში თქვენი ვიზიტის ერთ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგია და ჩვენს თანამშრომლობაში მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს. ასევე, მსურს, აღვნიშნო ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ ბოლო წლებში მიაღწია. თქვენი ძლიერი ლიდერობა საშუალებას აძლევს საქართველოს, წარმატებით გაუმკლავდეს რთულ გამოწვევებს და ამავდროულად შეინარჩუნოს განვითარების სტაბილური კურსი. საქართველო განაგრძობს შთამბეჭდავი შედეგების მიღწევას დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისა და საერთაშორისო ასპარეზზე თავისი როლის განმტკიცების მიმართულებით. ჩვენ საქართველოს ვხედავთ, როგორც დინამიკურ და მომავალზე ორიენტირებულ ქვეყანას, რომელსაც ნათელი მომავალი აქვს და გულწრფელად გისურვებთ წარმატებას თქვენი ეროვნული მიზნების მიღწევაში“, – აღნიშნა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა.

ამასთან, ყასიმ-ჟომართ თოყაევის თქმით, ყაზახეთი საქართველოს ძლიერ და წარმატებულ სახელმწიფოდ აფასებს.

როგორც ყასიმ-ჟომართ თოყაევმა აღნიშნა, ბოლო წლებში ორმხრივი ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდა, ინტენსიური გახდა პოლიტიკური დიალოგი, სტაბილურად იზრდება ორმხრივი ვაჭრობა, ხოლო ეკონომიკური თანამშრომლობა ფართოვდება.

„თქვენი ძლიერი ლიდერობის პირობებში საქართველო წარმატებით ახორციელებს მასშტაბურ სოციალურ და ეკონომიკურ რეფორმებს, აუმჯობესებს ყველა მოქალაქის კეთილდღეობას, ამავდროულად განამტკიცებს საერთაშორისო პოზიციებს და აძლიერებს თავის, როგორც მნიშვნელოვანი რეგიონული პარტნიორის როლს. მართლაც შთამბეჭდავია თქვენი ქვეყნის განვითარების ამ გამორჩეული გზის ხილვა. დარწმუნებული ვარ, საქართველო მდგრადი განვითარების გზაზე მომავალშიც წარმატებით განაგრძობს წინსვლას.

ყაზახეთი საქართველოს ძლიერ და წარმატებულ სახელმწიფოდ აფასებს. ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს ღრმა ისტორიული კავშირები, საერთო კულტურული ფასეულობები და მეგობრობისა და ურთიერთგაგების მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები. ყაზახი  ხალხი დიდ პატივს სცემს ქართველ ხალხს, ჩვენ გულწრფელად ვაფასებთ თქვენს მდიდარ ისტორიასა და უნიკალურ კულტურას. ქართული დიასპორა ყაზახეთის საზოგადოების განუყოფელი ნაწილია და ჩვენი ქვეყნების დამაკავშირებელ ცოცხალ ხიდს წარმოადგენს. ბოლო წლებში ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდა. ინტენსიური გახდა პოლიტიკური დიალოგი, სტაბილურად იზრდება ორმხრივი ვაჭრობა, ხოლო ეკონომიკური თანამშრომლობა ფართოვდება“, – განაცხადა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა,

მისვე თქმით, ყაზახეთი და საქართველო საერთაშორისო ასპარეზზეც ეფექტიანად თანამშრომლობენ და მნიშვნელოვან საერთაშორისო საკითხებზე ერთმანეთს თანმიმდევრულად უჭერენ მხარს.

მსგავსი