ყაზახეთის პრეზიდენტის, ყასიმ-ჟომარ ტოკაევის პრესმდივანი, ბერიკ უალი კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.
„მიუხედავად იმისა, რომ ყველა რეკომენდაციას ვიცავდი, „კოვიდ-19“-ზე ჩატარებული ტესტის პასუხი დადებითია. ამ დროისთვის, ვიმყოფები საავადმყოფოში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – წერს ბერიკ უალი.
მისი თქმით, ქვეყნის პრეზიდენტი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. პრესმდივნის ინფორმაციით, ტოკაევი „კოვიდ-19“-ზე ტესტს ყოველდღიურად იტარებს.
ყაზახეთის მთავრობის მიერ გავრცელებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 12 511 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 53 ადამიანი.