ყაზახეთის პრეზიდენტი - ბრძოლა ბოლომდე უნდა მივიყვანოთ, ვინც არ დანებდა, განადგურდება, გაცემულია განკარგულება ცეცხლის გაფრთხილების გარეშე გახსნის თაობაზე
ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი აცხადებს, რომ სამართალდამცველებსა და სამხედროებს გაფრთხილების გარეშე ცეცხლის გახსნის განკარგულება მისცა. ამის შესახებ მან ცოტა ხნის წინ გაკეთებული მიმართვისას განაცხადა.
თოყაევის თქმით, ხელისუფლება მკვლელებთან და ტერორისტებთან მოლაპარაკებებს არ აპირებს. მისი თქმით, საჭიროა მათი განადგურება.
„ჩემ მიერ სამართალდამცველი ორგანოებისა და არმიისთვის გაცემულია განკარგულება, გახსნან ცეცხლი გაფრთხილების გარეშე. საზღვარგარეთ ისმის მოწოდებები მოლაპარაკებებისკენ მხარეებისადმი, პრობლემების მშვიდობიანი მოგვარებისთვის. რა სისულელეა. რა მოლაპარაკებები შეიძლება დამნაშავეებთან, მკვლელებთან? ჩვენ საქმე გვქონდა როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ შეიარაღებულ და მომზადებულ ბანდიტებთან. სწორედ ბანდიტებთან და ტერორისტებთან. ამიტომ საჭიროა მათი განადგურება და ეს გაკეთდება უახლოეს დროში. სამართალდამცავი ძალები მორალურად და ტექნიკურად მზად არიან ამ ამოცანის შესასრულებლად“, – განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა.
თოყაევის თქმით, „ალმათიში ბანდიტებისა და ტერორისტების ხელით“ დაშავდა და გარდაიცვალა ასობით სამოქალაქო პირი და სამხედრო.
როგორც თოყაევმა აღნიშნა, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამშვიდობო კონტიგენტი ყაზახეთში მოკლევადიანი მისიით არის განთავსებული, კონსტიტუციური წესრიგის აღდგენაში დასახმარებლად. მან მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისა და დახმარებისთვის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების – სომხეთის, ბელარუსის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთისა და რუსეთის ლიდერებს.
ყაზახეთის პრეზიდენტის თქმით, „მხოლოდ ალმათის 20 ათასი ბანდიტი დაესხა თავს“. თოყაევის მტკიცებით, მათი კოორდინირებული ქმედებები აჩვენებდა, რომ მათ ჰქონდათ სამხედრო, ადმინისტრაციულ და სოციალურ ობიექტებზე თავდასხმის მკაფიო გეგმა. მისი ცნობით, მებრძოლების წინააღმდეგ ოპერაცია გრძელდება, რადგან ქვეყანაში მყოფმა მებრძოლებმა იარაღი ჯერ არ დაყარეს. როგორც თოყაევმა აღნიშნა, სამართალდამრღვევი საქმიანობისკენ წაქეზებაში როლს ასრულებს ე.წ. თავისუფალი მედია და საზღვარგარეთული მოღვაწეები.
თოყაევმა გამოაცხადა, რომ იმ რეგიონებში, სადაც ვითარება შედარებით სტაბილურია, ეტაპობრივად გაუქმდება საგანგებო მდგომარეობა. ამასთან, ყაზახეთის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში დროის გარკვეული ინტერვალებით ჩაირთვება ინტერნეტი. მან ასევე მოსახლეობა გააფრთხილა, რომ ინტერნეტზე თავისუფალი წვდომა არ ნიშნავს „მოსაზრებების, ცილისწამების, შეურაცხყოფების, წამქეზებელი მოწოდებების თავისუფალ განთავსებას“.
„ამგვარი მასალების განთავსების შემთხვევაში, ჩვენ მივიღებთ ზომებს მათი ავტორების გამოსავლენად და დასასჯელად. კონტრტერორისტული ოპერაცია გრძელდება. მებრძოლებს არ დაუყრიათ იარაღი, განაგრძობენ დანაშაულის ჩადენას ან მათთვის მზადებას. მათ წინააღმდეგ ბრძოლა ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. ვინც არ დანებდა, განადგურდება. წინ გველოდება დიდი სამუშაო ჩვენ მიერ გამოვლილი ტრაგედიიდან გაკვეთილის სასწავლებლად, მათ შორის სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით“, – განაცხადა თოყაევმა და აღნიშნა, რომ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს 11 იანვარს მეჯლისში გამოაცხადებს.