ყაზახეთის დედაქალაქში 19 იანვრამდე საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოცხადდა
ყაზახეთის დედაქალაქში 19 იანვრამდე საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოცხადდა

ყაზახეთის პრეზიდენტმა ქვეყნის დედაქალაქში დღეიდან 19 იანვრამდე საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოაცხადა.

შესაბამისი განკარგულება ყაზახეთის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

ბრძანების მიხედვით, ყაზახეთის დედაქალაქში ღამის 23:00 საათიდან დილის 7:00 საათამდე კომენდანტის საათი იქნება გამოცხადებული.

ნურ-სულთანში შეიზღუდება ტრანსპორტის გადაადგილება. ასევე, შეზღუდული იქნება დედაქალაქში ჩასვლა და მისი დატოვება. იკრძალება საპროტესტო აქციების გამართვა და გაფიცვები.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის ფარგლებში მედიკამენტებისა და ალკოჰოლის გაყიდვის სპეციალური წესი ამოქმედდება.

მანამდე, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა ქალაქ ალმათიში, ასევე ალმათის და მანგისტაუსკის ოლქებში.

შეგახსენებთ, რომ ყაზახეთში უკვე მეოთხე დღეა, გრძელდება დემონსტრაციები, რომლებიც 2 იანვარს გათხევადებული აირის გაძვირების გამო დაიწყო. მთავრობის მიერ დადებული პირობის მიუხედავად, რომ ფასები შემცირდებოდა, აქციები არ შეწყვეტილა.

როგორც უცხოური მედია წერს, დღეს მომიტინგეები შეიჭრნენ ალმათის ადმინისტრაციის შენობაში და ასევე შეეცადნენ, შტურმით აეღოთ პრეზიდენტის რეზიდენციაც.