ყაზახეთიდან საქართველოს მიმართულებით რამდენიმე რეისი შეფერხდა
ყაზახეთიდან საქართველოს მიმართულებით რამდენიმე რეისი შეფერხდა

ყაზახეთიდან საქართველოს მიმართულებით რამდენიმე რეისის განხორციელება შეფერხდა. საქართველოს პირველ არხს აეროპორტების გაერთიანებაში განუცხადეს, რომ ატირაუდან ქუთაისის მიმართულებით რეისმა გადაიწია და სავარაუდოდ, ფრენა საქართველოს დროით 13:00 საათზე განხორციელდება.

მათივე ინფორმაციით, გუშინ, ყაზახეთის დედაქალაქ ნურ სულთანიდან, განრიგის მიხედვით შესრულდა ფრენა ქუთაისის მიმართულებით, ხოლო თბილისის მიმართულებით ყველა რეისი გადაიდო.

„გუშინ ნურ სულთანიდან განრიგის მიხედვით შესრულდა ფრენა ქუთაისში. რაც შეეხება დღევანდელ რეისებს, დღეს უნდა მოფრენილიყო ატირაუდან „ფლაი არისტანის“ თვითმფრინავი, თუმცა ამ ეტაპზე ქართული მხარე ელოდება, რომ ჩვენი დროით 13:00 საათზე გამოფრინდეს რეისი. შეზღუდვა თავად ყაზახურმა მხარემ შექმნა. რაც შეეხება თბილისს, გუშინ ყაზახეთიდან არც ერთი რეისი არ შესრულებულა“, – განუმარტეს საქართველოს პირველ არხს აეროპორტების გაერთიანებაში.

საქართველოდან ყაზახეთის მიმართულებით სულ სამი კომპანია დაფრინავს. ორი თბილისიდან – „ეარ ასტანა“ და „სკატი“. „ეარ ასტანა“ ასრულებს ალმაატის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ ფრენებს, ხოლო „სკატი“ აქტაუს მიმართულებით. რაც შეეხება ქუთაისის საერთაშორისო არეროპორტს, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ფლაი არისტანი“ ასრულებს ფრენებს ნურ სულტანის, აქტაუსა და ატირაუს მიმართულებით.

დატოვე კომენტარი