ყაზაიშვილმა კორეაში ისევ გაიტანა - „ულსანი“ აუტსაიდერთან დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT

ვაკო ყაზაიშვილმა სამხრეთ კორეის ჩემპიონატში მორიგი გოლი გაიტანა, მაგრამ „ულსანს“ ვერ დაეხმარა, რომელიც სტუმრად აუტსაიდერ „სუვონ ბლუვინგსთან“ 1:3 დამარცხდა.

ვაკო ყაზაიშვილი კორეის K ლიგა 1-ის 23-ე ტურში „ულსანის“ სათადარიგოებში იყო და მწვრთნელმა მოედანზე მხოლოდ შესვენების შემდეგ შეუშვა. ამ დროისთვის მასპინძლები, რომლებიც სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზე არიან, 1:0-ს იგებდნენ, მეორე ნახევარში „სუვონ ბლუვინგსმა“ უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა.

ვაკო ყაზაიშვილმა თავის გამოჩენა მხოლოდ 90+5-ე წუთზე მოახერხა. 30 წლის ქართველი შემტევი შესანიშნავ სეზონს ატარებს – ვაკომ 22 მატჩში 11 გოლი გაიტანა და უკვე გააუმჯობესა კორეაში პირველ სეზონში ნაჩვენები შედეგი (9 გოლი 34 მატჩში).

სენსაციური მარცხის მიუხედავად, რეგულარულ სეზონში გამართული 23 ტურის შემდეგ „ულსანი“ 53 ქულით გათამაშების ერთპიროვნული ლიდერია და მეორეადგილოსან „პოჰანგ სტელერს“ 15 ქულით ასწრებს.