სამხრეთ კორეის ჩემპიონ „ულსანიდან“ წამოსული ვაკო ყაზაიშვილი კარიერას ჩინეთის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კლუბში, „შანდონგ ტაიშანში“ გააგრძელებს, – ინფორმაციას Transfermarkt-ი ავრცელებს.
„შანდონგ ტაიშანი“ ჩინეთის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდია, იყოს ქვეყნის ოთხგზის ჩემპიონი (1999, 2006, 2008, 2010, 2021), 3-გზის ვიცე-ჩემპიონი (2004, 2013, 2023), თასის რვაგზის მფლობელი (1995, 1999, 2004, 2006, 2014, 2020, 2021, 2022), სუპერთასის გამარჯვებული (2015) და აზიის ჩემპიონთა ლიგაზეც არაერთხელ უთამაშია.
ყაზაიშვილის ამჟამინდელ გუნდს ბევრი ცნობილი მწვრთნელი ავარჯიშებდა – ბორის იგნატიევი, ვალერი ნეპომნიაჩი, ბრანკო ივანკოვიჩი, მანუელ ბარბოზა, რადომირ ანტიჩი, ხოლო 2016-2017 წლებში გუნდში ფელიქს მაგათი საქმიანობდა.
„შანდონგ ტაიშანში“ ცნობილ ფეხბურთელებსაც იწვევდნენ – ნიკოლას უედეკს (2003–2004), იონელ დანკულესკუს (2005), ბრანიმირ პეტროვიჩს (2005), ვაგნერ ლავს (2013–2015), ალოიზიოს (2014–2016), დიეგო ტარდელის (2015–2018), გრაციანო პელეს (2016-2020), პაპის დემბა სისეს (2016–2018), მარუან ფელაინს (2019–2023).
ამჟამად „შანდონგ ტაიშანის“ მთავარი მწვრთნელი ლი სიაოპენგია. კლუბი საშინაო თამაშებს ჯინანის ოლიმპიური სპორტული ცენტრის სტადიონზე ატარებს, რომელიც 56808 გულშემატკივარს იტევს. გუნდი ჩინეთის სუპერლიგის მოქმედი ვიცე-ჩემპიონია.