ყატარში სტადიონების მშენებლობაზე ყოველ კვირა 12 მუშა იღუპება
პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციამ ყატარში, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის სტადიონების მშენებლობებზე უაღრესად მაღალი სიკვდილიანობის შესახებ გამოაცხადა. აღნიშნავენ, რომ ყოველ კვირას, დაახლოებით 12 ადამიანი იღუპება. ძირითადად, ესენი არიან მიგრანტები, რომელთა რიცხვმა მშენებლობებზე უკვე 1.2 მილიონ ადამიანს მიაღწია. ამასთან, უახლოეს პერიოდში ყატარის მთავრობა კიდევ დაახლოებით მილიონი გასტარბაიტერის მიწვევას აპირებს.
სიკვდილიანობა, ძირითადად, არა უბედურ შემთხვევებს, არამედ სამუშაო პირობებს უკავშირდება. ადამიანები მუშაობენ 50-გრადუსიან სიცხეში და აქვთ შრომისა და ცხოვრების საშინელი პირობები. დამქირავებლების მხრიდან სრულ განუკითხაობას აქვს ადგილი – ისინი იმუქრებიან, არ იხდიან ხელფასს, ართმევენ პასპორტებს, რითაც მუშებს საკონსულოსთვის მიმართვის საშუალება არ აქვთ.
ყატარში ინდოეთის ელჩმა განაცხადა, რომ 2018 წლის პირველ 5 თვეში 82 ინდოელი მუშა დაიღუპა, 1460-მა კი შრომის არანორმალური პირობების გამო დაიჩივლა.
70-მა ნეპალელმა მუშამ შეძლო საკუთარი ქვეყნის საკონსულოში დამალვა და შემდეგ შინ გამგზავრება. როგორც ირკვევა, მათ ჩამოართვეს დოკუმენტები, არ უხდიდნენ ფულს და ემუქრებოდნენ.