ყატარი 2022 – 13 ფინალისტი ცნობილია, როგორ განაწილდება დარჩენილი 19 საგზური - მდგომარეობა შესარჩევში კონფედერაციების მიხედვით #1TVSPORT
ყატარი 2022 – 13 ფინალისტი ცნობილია, როგორ განაწილდება დარჩენილი 19 საგზური - მდგომარეობა შესარჩევში კონფედერაციების მიხედვით #1TVSPORT

დასრულდა მორიგი სანაკრებო ფანჯარა, რომლის შემდეგაც ცნობილია მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის 13 ფინალისტი:

ყატარი (მასპინძელი)

გერმანია (ევროპა)

დანია (ევროპა)

ბრაზილია (ს. ამერიკა)

საფრანგეთი (ევროპა)

ბელგია (ევროპა)

ხორვატია (ევროპა)

ესპანეთი (ევროპა)

სერბეთი (ევროპა)

ინგლისი (ევროპა)

შვეიცარია (ევროპა)

ნიდერლანდები (ევროპა)

არგენტინა (ს. ამერიკა)

 

რა ხდება დარჩენილი 19 საგზურისთვის ბრძოლაში – ამისთვის უნდა გადავხედოთ კონფედერაციებში მდგომარეობას ნოემბრის სანაკრებო ფანჯრის დასრულების შემდეგ.

 

ევროპა

ევროპის ზონიდან 10 ფინალისტი ცნობილია – მათ ჯგუფებში პირველი ადგილები დაიკავეს.

კიდევ სამი ფინალისტი ცნობილი გახდება მარტის ბოლოს, როცა პლეი ოფი ახალი ფორმატით ჩატარდება: 12 გუნდი ექვს ნახევარფინალად (განთესილები განუთესავების წინააღმდეგ) დაიყოფა. ნახევარფინალში მოგებულები ფინალში გავლეს. სამ ფინალურ წყვილში გამარჯვებულები ყატარის საგზურებს მიიღებენ.

განთესილები

პორტუგალია

შოტლანდია

იტალია

რუსეთი

შვედეთი

უელსი

 

განუთესავები

თურქეთი

პოლონეთი

მაკედონია

უკრაინა

ავსტრია (ერთა ლიგიდან)

ჩეხეთი (ერთა ლიგიდან)

 

პლეი ოფის წილისყრა 26 ნოემბერს გაიმართება. ნახევარფინალები 24-25 მარტს არის დაგეგმილი, ფინალები – 28-29 მარტს.

ნახევარფინალისა და ფინალის წყვილებში ბრძოლა ერთმატჩიანი იქნება. ნახევარფინალში მატჩები განთესილთა მოედანზე გაიმართება, ფინალში კი მასპინძელი წილისყრის მიხედვით გაირკვევა.

 

სამხრეთ ამერიკა

სამხრეთ ამერიკის ზონაში ფინიშამდე ოთხი ტურია დარჩენილი, მაგრამ უკვე გარკვეულია მსოფლიოს ჩემპიონატის ორი მონაწილე – ბრაზილია და არგენტინა. ახლოს არის საგზურთან ეკვადორი, მაგრამ მას წინ აქვს შეხვედრები ბრაზილიასთან და არგენტინასთან.

პირველი ხუთეულიდან გავარდა ურუგვაი, თუმცა, ჩამორჩენა მინიმალურია და ამ გუნდს კალენდარი შედარებით იოლი აქვს.

 

  1. ბრაზილია         13         11      2         0        27:4        35
  2. არგენტინა         13         8       5         0         20:6       29
  3. ეკვადორი          14         7       2         5         23:13      23
  4. კოლუმბია         14         3       8         3         16:17      17
  5. პერუ                   14         5       2         7         15:20      17
  6. ჩილე                  14          4       4         6         15:16      16
  7. ურუგვაი           14         4        4         6         14:21      16
  8. ბოლივია           14         4        3         7        20:28      15
  9. პარაგვაი            14         2        7         5         9:18        13
  10. ვენესუელა        14         2        1         11       9:25          7

 

მსოფლიოს ჩემპიონატზე ოთხი საუკეთესო გუნდი გაემგზავრება, მეხუთეადგილოსანი კი საკონტინენტთაშორისო პლეი ოფში ითამაშებს.

 

კონკაკაფ (ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკა)

კონკაკაფ-ში გადამწყვეტი რაუნდი მიმდინარეობს. ნათამაშებია 14-დან რვა ტური. პირველ ოთხ გუნდს შორის დიდი სიმჭიდროვეა: კანადა, აშშ, მექსიკა და პანამა ორი ქულის ინტერვალში მოთავსდნენ. მათგან პირველი სამი პირდაპირ მოხვდება ყატარში, მეოთხეს კი საკონტინენტთაშორისო პლეი ოფში თამაში მოუწევს.

 

  1. კანადა                8       4       4         0        13-5      16
  2. აშშ                       8       4       3         1        12-5      15
  3. მექსიკა               8       4       2         2        11-7      14
  4. პანამა                 8       4       2         2        11-9      14
  5. კოსტა რიკა       8       2       3         3        6-7        9
  6. იამაიკა               8       1       4         3        6-10      7
  7. სალვადორი      8       1       3         4        4-10      6
  8. ჰონდურასი      8       0       3         5        5-15      3

 

ფინიშამდე ექვსი ტურია დარჩენილი. მათი ჩატარება იანვარში, თებერვალსა და მარტში იგეგმება.

 

აზია

აზიის კონფედერაციაში გრძელდება კვალიფიკაციის ფინალური ეტაპი. აქ არის ორი ექვსგუნდიანი ჯგუფი. თითო ჯგუფიდან პირდაპირ მსოფლიოს ჩემპიონატზე ორ-ორი გუნდი გადის. ჯგუფებში მესამე ადგილზე გასულები ერთმანეთს შეხვდებიან ორმატჩიან დუელში და გამარჯვებული ითამაშებს საკონტინენტთაშორისო პლეი ოფში.

 

A ჯგუფი

  1. ირანი                 6       5       1         0        11-2       16
  2. სამხ. კორეა       6      4       2         0        8-2        14
  3. საემიროები      6       1       3         2        4-5         6
  4. ლიბანი              6       1       2         3        4-6         5
  5. ერაყი                 6       0       4         2        3-9         4
  6. სირია                6       0       2         4        5-11         2

B ჯგუფი

  1. ს. არაბეთი       6        5       1         0        9-3        16
  2. იაპონია            6        4       0         2        5-3        12
  3. ავსტრალია     6         3       2         1        9-4        11
  4. ომანი                6         2       1         3        6-7         7
  5. ჩინეთი             6         1       2         3        7-11        5
  6. ვიეტნამი         6         0       0         6        4-12       0

 

A ჯგუფში მსოფლიოს ჩემპიონატზე პირდაპირ გამსვლელების საკითხი თითქმის გარკვეულია. მესამე ადგილისთვის, თეორიულად, სირიის ნაკრებმაც შეიძლება იბრძოლოს.

B ჯგუფში კონკურენტებს დაშორდა საუდის არაბეთი, იაპონია და ავსტრალია კი გაარკვევენ, მათ შორის რომელი წავა პირდაპირ ყატარში და რომელს მოუწევს პლეი ოფის თამაში,

ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ოთხი ტური რჩება.

 

აფრიკა

აქ უკვე დასრულდა კვალიფიკაცის მესამე ეტაპი. ჯგუფებში გამარჯვებული 10 გუნდი მოხვდა გადამწყვეტ სტადიაზე.

ალჟირი

კამერუნი

კონგოს დ.რ.

ეგვიპტე

განა

მალი

მაროკო

ნიგერია

სენეგალი

ტუნისი

ეს გუნდები შექმნიან ხუთ წყვილს. ორმატჩიანი დაპირისპირებების (შინ და გარეთ) შემდეგ, წყვილებში გამარჯვებულები მოიპოვებენ მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს.

 

ოკეანეთი

აქ ყველაზე საინტერესო სიტუაციაა: შესარჩევი მატჩები არც კი დაწყებულა. კონფედერაციის ხელმძღვანელებმა პანდემიის გამო, რამდენჯერმე გადადეს დაწყება და საბოლოოდ შეთანხმდნენ, რომ კვალიფიკაცია 2022 წლის მარტში ყატარში გაიმართება. არ არის ცნობილი გუნდების რაოდენობა და ფორმატი. სამაგიეროდ, თითქმის ასპროცენტიანი დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა, რომ გამარჯვებული იქნება ახალი ზელანდია, რო,ელსაც მოუწევს საკონტინენტთაშორისო პლეი ოფის თამაში.

 

საკონტინენტთაშორისო პლეი ოფი

საკონტინენტთაშორისო პლეი ოფის მეშვეობით უნდა გაირკვეს ბოლო ორი საგზურის მფლობელი.

აქ ითამაშებს ოთხი გუნდი:

აზიიდან – IV რაუნდის პლეი ოფის გამარჯვებული

კონკაკაფ-იდან – III რაუნდის მეოთხეადგილოსანი

სამხრეთ ამერიკადან – ჯგუფური ეტაპის მეხუთეადგილოსანი

ოკეანეთიდან – კონფედერაციის გამარჯვებული