მსოფლიო ჩემპიონატი | განის ნაკრები ყატარში სათამაშო ფორმის გარეშე ჩაფრინდა - გუნდის ადმინისტრატორებს ეკიპირება აფრიკაში დარჩათ
მსოფლიო ჩემპიონატი | განის ნაკრები ყატარში სათამაშო ფორმის გარეშე ჩაფრინდა - გუნდის ადმინისტრატორებს ეკიპირება აფრიკაში დარჩათ

კვირას, 20 ნოემბერს, ყატარში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი იწყება. მონაწილეთა უმრავლესობა უკვე ყატარშია და ჩემპიონატის დაწყებას ელოდება. გამონაკლისი არც განის ნაკრებია, რომელიც ტურნირის გამართვის ადგილზე უკვე ჩაფრინდა.

თუმცა, განელ ჟურნალისტ ფრენკ დარკვას მტკიცებით, განის ნაკრების ადმინისტრატორებს ეროვნული გუნდის ეკიპირების წაღება დაავიწყდათ. ამ შეცდომის გამო ნაკრების ფეხბურთელებმა, შესაძლოა, მსოფლიო ჩემპიონატის პირველ მატჩში საკუთარი ფორმით არ ითამაშონ.

„გავრცელებული ინფორმაციით, ნაკრების ფორმები შეცდომით დატოვეს განაში. ოფიციალური პირები ახლა ცდილობენ, რომ ეკიპირება ადგილზე გაგზავნონ“, – წერს ჟურნალისტი ტვიტერზე.

განის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე H ჯგუფში პორტუგალიის, ურუგვაისა და სამხრეთ კორეის ნაკრებებთან ერთად ითამაშებს. პირველ მატჩს განელები პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ 24 ნოემბერს გამართავენ.