„კაიზერ ფრანცი“ - გერმანელი ვარსკვლავი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატი ჯერ მოთამაშის, შემდეგ მწვრთნელის რანგში მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT

„კაიზერ ფრანცი“ – ასეთი სახელითაა ცნობილი ფრანც ბეკენბაუერი, 1974 წლის მსოფლიო ჩემპიონი, რომელიც მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო. 1974 წლის მუნდიალი, რომელიც ნიდერლანდელი იოჰან კრუიფის ტრიუმფად უნდა ქცეულიყო, ფრანც ბეკენბაუერის კარიერის პიკად გადაიქცა.

 

ფრანც ანტონ ბეკენბაუერი თამაშობდა ცენტრალურ მცველად და ნახევარდამცველად. მე-20 საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო მცველს ხშირად მოიხსენიებენ როგორც ფეხბურთელს, რომელმაც გამოიგონა ლიბეროს (თავისუფალი მცველის) როლი.

კარიერის განმავლობაში დასავლეთ გერმანიის ნაკრების ლიდერი ორჯერ აღიარეს ევროპის წლის მოთამაშედ; ითამაშა სამი მსოფლიო ჩემპიონატი; ჯამში 103 თამაში ჩაატარა ნაკრებში და გახდა პირველი გერმანელი მოთამაშე, რომელმაც ეროვნულ გუნდში ასმატჩიან ზღვარს გადააბიჯა. აქედან 50-ში მოედანზე კაპიტნის სამკლაურით გავიდა.

როგორც კაპიტანმა მოიგო 1974 წლის მსოფლიო ჩემპიონატი. საკლუბო დონეზე მან ზედიზედ სამჯერ მოიგო ჩემპიონთა თასი მიუნხენის „ბაიერნთან“ ერთად (1974-1976 წლებში), ასევე თასების მფლობელთა თასი (1967 წელს). „ბაიერნის“ გარდა, თამაშობდა „ნიუ-იორკ კოსმოსსა“ და „ჰამბურგში“.

1977 წელს გადავიდა ნიუ-იორკში „ნიუ-იორკ კოსმოსში“, რომელიც იყო ამერიკელი მაგნატების პროექტი და შეერთებულ შტატებში ფეხბურთის განვითარებას ისახავდა მიზნად. ამის გამო გუნდში მიიწვიეს პელე, ნეესკენსი და ბეკენბაუერი. საბოლოოდ პროექტი არ განხორციელდა. 1980-იანი წლების დასაწყისში ბეკენბაუერმა რამდენიმე ათეული თამაში ჩაატარა „ჰამბურგში“.

ბუნდესლიგაში 400-ზე მეტი მატჩი ითამაშა. მისი დამახასიათებელი თვისება იყო გუნდის შეტევების წამოწყება. მოედანზე მთლიანად იხარჯებოდა და ვერ ითმენდა როგორც საკუთარი, ასევე მეტოქე მოთამაშეების სიმულაციებს. პოლ ბრაიტნერმა გაზეთ Bild-თან ინტერვიუში თქვა, რომ თამაშის შემდეგ ფრანცი ხშირად უწევდა ხმას ზოგიერთ მოთამაშესთან, რომლებიც, მისი აზრით, მოედანზე უგულოდ ირჯებოდნენ.

კარიერის დასრულების შემდეგ გახდა მწვრთნელი. ამ რანგში მან გერმანიის ნაკრებთან ერთად 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.

2013 წელს ფრანც ბეკენბაუერი გახდა ბავშვთა საერთაშორისო სოციალური პროგრამის, „ფეხბურთი მეგობრობისთვის“ პირველი გლობალური ელჩი. ბეკენბაუერის თქმით, პროექტი ეფუძნება „ღირებულებებს, რომლებიც ნამდვილად ცვლის სამყაროს უკეთესობისკენ“. 2014 წლის 13 ივნისს ფიფა-მ ბეკენბაუერი ფეხბურთთან დაკავშირებული საქმიანობიდან 90 დღით მოკვეთა. ეს გამოწვეული იყო 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების ადგილად ყატარის არჩევასთან დაკავშირებული საქმის გამოძიებაზე თანამშრომლობაზე უარის თქმის გამო.

„კაიზერ ფრანცი“ არის ერთ-ერთი იმ სამი ფეხბურთელიდან (მარიო ზაგალოსთან და დიდიე დეშამთან ერთად), რომლებმაც მსოფლიო ჩემპიონატი მოთამაშის რანგშიც მოიგეს და მწვრთნელის პოსტზეც.

ბეკენბაუერი მიუნხენის „ბაიერნის“ პრეზიდენტი იყო 1994 წლიდან 2009 წლამდე, 2009 წელს კი საპატიო პრეზიდენტი გახდა. ის ასევე იყო 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის პრეზიდენტი და მიუნხენის „ბაიერნის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. 1998-2010 წლებში იყო გერმანიის საფეხბურთო კავშირის აღმასრულებელი კომიტეტის ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტი, ხოლო 2007-2011 წლებში იყო ფიფა-ს აღმასკომის წევრი.

 

ფრანც ანტონ ბეკენბაუერი

მეტსახელი კაიზერ ფრანცი

დაიბადა: 1945 წლის 11 სექტემბერს (77 წლის) მიუნხენში, დასავლეთ გერმანია

სიმაღლე: 181 სმ

პოზიცია: მცველი/ნახევარმცველი

 

ახალგაზრდული კლუბები

1954-1958 მიუნხენი 1906

1958-1964 ბაიერნი

 

საკლუბო კარიერა

1964-1977 ბაიერნი 427 (60)

1977-1980 ნიუ იორკ კოსმოსი 105 (21)

1980-1982 ჰამბურგი 28 (0)

1983 ნიუ იორკ კოსმოსი 27 (2)

1965-1983 სულ 587 (83)

 

ეროვნული ნაკრები

1965-1977 გერმანია 103 (14)

 

სამწვრთნელო კარიერა

1984-1990 გერმანიის ნაკრები

1990-1991 მარსელის ოლიმპიკი

1994 ბაიერნი

1996 ბაიერნი

 

საერთაშორისო სანაკრებო ტიტულები

მსოფლიო ჩემპიონატი:

ვერცხლის მედალი 1966

ბრინჯაოს მედალი 1970

ოქროს მედალი 1974

ევროპის ჩემპიონატი:

ოქროს მედალი 1972

ვერცხლის მედალი 1976