ყასიმ-ჟომართ თოყაევი რუსეთში ვიზიტის დროს სტრატეგიული პარტნიორობის და მოკავშირეობის დეკლარაციას გააფორმებს
ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი რუსეთში ვიზიტის დროს სტრატეგიული პარტნიორობისა და მოკავშირეობის დეკლარაციას გააფორმებს.
თოყაევის განცხადებით, ყაზახეთმა და რუსეთმა ჭეშმარიტად სამაგალითო სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები დაამყარეს.
„მოსკოვში ჩემი ვიზიტის ვრცელი დღის წესრიგის მთავარი საკითხი იქნება ყაზახეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობების ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობისა და ალიანსის დონეზე გადასვლის შესახებ დეკლარაციის ხელმოწერა.
ეს დოკუმენტი უდავოდ ორმხრივ ურთიერთობებში ახალ ერას დაიწყებს, რაც დაადასტურებს ურთიერთნდობის უპრეცედენტო დონეს და ყველა სფეროში უფრო მჭიდრო თანამშრომლობისადმი საერთო ერთგულებას“, – წერს ყაზახეთის პრეზიდენტი რუსული მედიისთვის დაწერილ საავტორო სტატიაში.
თოყაევმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთს და ყაზახეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 30 მილიარდ დოლარს უახლოვდება და რუსეთი ყაზახეთის სამ უმსხვილეს საგარეო სავაჭრო პარტნიორს შორისაა. ყაზახეთის პრეზიდენტის ვიზიტი რუსეთში 11 და 12 ნოემბერს არის დაგეგმილი.