ყასიმ-ჟომართ თოყაევი - აღმოსავლეთ-დასავლეთისა და ტრანსკასპიური მარშრუტები დსთ-ს ევრაზიის უნიკალურ სახმელეთო ხიდად აქცევს
ყასიმ-ჟომართ თოყაევი - აღმოსავლეთ-დასავლეთისა და ტრანსკასპიური მარშრუტები დსთ-ს ევრაზიის უნიკალურ სახმელეთო ხიდად აქცევს

ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფანი დსთ-ს ქვეყნებისთვის ხსნის წვდომას სპარსეთის ყურისა და სამხრეთ აზიის ქვეყნების ბაზრებთან,- ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა დუშანბეში, დსთ-ს ლიდერების სამიტზე განაცხადა.

მისივე თქმით, სატრანსპორტო პოტენციალის სრულად ასათვისებლად, აუცილებელია თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნა.

„ყაზახეთში ცოტა ხნის წინ ამოქმედებული დოსტიკ-მოინტის რკინიგზის ხაზი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ტრანსყაზახური სარკინიგზო დერეფნის ფორმირებას, ჩვენი რეგიონის სატრანზიტო შესაძლებლობების გასაძლიერებლადაა შექმნილი. თუმცა, ჩვენი ყველა ქვეყნის სატრანსპორტო პოტენციალის სრულად რეალიზებისთვის, ჩვენს წინაშე თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნის ამოცანა დგას“, – განაცხადა თოყაევმა.

ყაზახეთის ლიდერის თქმით, უკვე თითქმის დასრულებულია ყაზახეთის მიერ ინიცირებული კონცეფცია დსთ-ს ქვეყნების ტერიტორიებზე გამავალი მთავარი სატრანსპორტო არტერიების დაკავშირების შესახებ.

„სატვირთო ნაკადების ეფექტურად მართვის, ხარჯების შემცირებისა და რისკების მინიმიზაციის მიზნით, ეს დოკუმენტი უნდა შეივსოს დებულებებით, რომლებიც ითვალისწინებს ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების დანერგვას“, – განაცხადა თოყაევმა.