ყასიმ-ჟომართ თოყაევი აცხადებს, რომ ყაზახეთში კონსტიტუციური წესრიგი აღდგენილია და ანტიტერორისტული ოპერაცია გრძელდება
ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი აცხადებს, რომ ქვეყნის ყველა რაიონში კონსტიტუციური წესრიგი აღდგენილია, თუმცა ანტიტერორისტული ოპერაცია გრძელდება. როგორც ქვეყნის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზეა ნათქვამი, ხელისუფლება სიტუაციას აკონტროლებს.
„ადგილობრივი ხელისუფლება აკონტროლებს სიტუაციას, თუმცა ტერორისტები კვლავ იყენებენ იარაღს და აზიანებენ სახელმწიფო ქონებას. ამიტომ კონტრტერორისტული ოპერაცია უნდა გაგრძელდეს მებრძოლების სრულ ლიკვიდაციამდე“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც კონტრტერორისტული შტაბის სხდომის შემდეგ გამოქვეყნდა.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ყაზახეთში ჩადიან კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების ორგანიზაციის ძალები, რომლებიც წესრიგის დამყარებაში დახმარებას უწევენ ყაზახეთის მთავრობას.
ამასთან, ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად მოკლულია 26 ადამიანი, დაშავდა 18, დაკავებულია 3 000 მეტი მოქალაქე.
მედიის ცნობით, ღამის განმავლობაში ყაზახეთის ქალაქ ალმათიში კვლავ ისმოდა სროლის ხმა.
ყაზახეთში საპროტესტო აქციები თხევადი გაზის გაძვირების გამო 2 იანვარს დაიწყო. მოგვიანებით, დემონსტრანტებმა მთავრობის გადადგომა და პარლამენტის დაშლა მოითხოვეს. მომიტინგეებმა რამდენიმე ქალაქში და მათ შორის ალმათიში დაიკავეს სამთავრობო შენობები. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ქვეყანაში ტერორისტები მოქმედებენ.