ყარაჯალაში მცხოვრები ინფიცირებული ქალის ოჯახის წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა
ყარაჯალაში მცხოვრები ინფიცირებული ქალის ოჯახის წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა

კორონავირუსით ინფიცირებული სოფელ ყარაჯალას მკვიდრი 63 წლის ქალის ოჯახის სამი წევრის ნიმუშებზე ლუგარის ცენტრიდან ერთი პასუხი დადებითია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, კორონავირუსი ინფიცირებული ქალის სიძეს დაუდასტურდა და 45 წლამდე მამაკაცს საკარანტინო სივრციდან თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ხიზანიშვილის განმარტებით, ამ დრომდე უცნობია ქალის დაინფიცირების წყარო, თუმცა სპეციალისტებმა კონტაქტები უკვე გამოიკვლიეს, რომლის რიცხვი სამს არ აღემატება და მხოლოდ ოჯახის წევრებს მოიცავს.

„გამოვიკვლიეთ მედპერსონალიც, ვინც დაინფიცირებული ქალი სამედიცინო დაწესებულებაში მიიღო, ისინი იყვნენ შესაბამისად აღჭურვილი, მედიპერსონალიდან შვიდმა პრევენციის მიზნით, საკუთარი სურვილით თვითიზოლაციაში ყოფნის გადაწყვეტილება მიიღო“, – აცხადებს ხიზანიშვილი.

გუშინ კახეთიდან ლუგარის ცენტრში ჯამში 101 ნიმუში გაიგზავნა, საიდანაც კორონავირუსზე მხოლოდ ერთი პასუხი იყო დადებითი.