ყარაჯალარის მოსახლეობა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ბაზარზე გატანას თავად  შეძლებს
ყარაჯალარის მოსახლეობა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ბაზარზე გატანას თავად შეძლებს

საკარანტინო ზონად გამოცხადებული სოფელი ყარაჯალარიდან მოსახლეობა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ბაზარზე გატანას დღეიდან თავად შეძლებს.

გარდაბნის მერის, რამაზ ბუდაღაშვილის განცხადებით, ამისთვის ათი სამარშრუტო ტაქსია გამოყოფილი და პროდუქციის გატანა 21:00 საათიდან იქნება შესაძლებელი.

მისივე თქმით, პროდუქციის გატანამდე ადგილობრივებს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდებათ.

როგორც ბუდაღაშვილი ამბობს,  გარდაბნის მუნიციპალიტეტში „პისიარ“ ტესტი კიდევ 66 პირს ჩაუტარდა და კოვიდინფექცია არც ერთს დაუდასტურდა.

„კორონავირუსზე გამოკვლეული ტესტის პასუხები მივიღეთ, ყველა არის უარყოფითი. დღესაც ადგილზე ეპიდემიოლოგების ორი ჯგუფი მუშაობს. ადგილობრივი მოსახლეობა დღეიდან უკვე შეძლებს, საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია თავად განახორციელოს. პიროვნებებს, ვინც საბუთიმო ბაზარზე, ნავთლუღის ბაზარე გავა, სრული კანონის დაცვით, კონტროლი გაეწევათ. ისინი კვლევისთვის ბიოლოგიურ მასალას ჩააბარებენ და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, ბაზარში გასვლის შესაძლებლობა მიეცემათ“, – განაცხადა რამაზ ბუდაღაშვილმა.

გარდაბნის მერის თქმით, მას შემდეგ, რაც სოფელში საკარანტინო შეზღუდვები ამოქმედდა, მოსახლეობის მოსავალი სარეალოზაციოდ დისტრიბუტორებს გაჰქონდათ, თუმცა ადგილობრივებმა რეალიზაციის თავად განხორციელება მოითხოვეს. მიზეზად კი ის დაასახელეს, რომ გადამყიდველი მათ მოსავალში დაბალ ფასს უხდის.

„პროდუქცია ყოველდღიურად გადის, მაგრამ მოსახლეობის მოთხოვნა იყო, თავად გაეტანათ პროდუქცია. ამბობდნენ, გადამყიდველი აქ რომ მოდის, დაბალ ფასს იხდისო“, – აღნიშნა ბუდაღაშვილმა.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი ყარაჯალარი უკვე მე-9 დღეა, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის არსებობის გამო ჩაკეტილია.