ყანდაურაში ოთხი ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულ 85 წლის მამაკაცს ბრალი წარუდგინეს
ყანდაურაში ოთხი ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულ 85 წლის მამაკაცს ბრალი წარუდგინეს

სოფელ ყანდაურაში ოთხი ადამიანის მკვლელობისთვის დაკავებულ 85 წლის მამაკაცს ბრალი წარედგინა.

თელავის სამხარეო სამმართველოს დატოვების შემდეგ ბრალდებულის ადვოკატმა, ირინე იჩუკაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესებიდან გამომდინარე, ბრალის აღიარებასთან დაკავშირებით კომენტარს არ გააკეთებს.

,,ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის  ინტერესებიდან გამომდინარე, არ შემიძლია გიპასუხოთ, აღიარებს თუ არა ბრალს. მას ბრალი უკვე წარედგინა და ახლა ველოდები, გადმომეცეს მასალები გასაცნობად”, – განაცხადა ადვოკატმა.

ირინა იჩუკაიძის თქმით, მამაკაცს მომხდარის დეტალების გახსენება პერიოდულად უჭირს.

მისივე განმარტებით, სისხლის სამართლის კოდექსში ხანდაზმული ასაკის ბრალდებულებთან დაკავშირებით გარკვეულ შეღავათებია გათვალისწინებული.

ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ თელავის რაიონული სასამართლო ხვალ იმსჯელებს.

სამართალდამცველების ინფორმაციით, სოფელ ყანდაურაში 85 წლის მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა, ავადმყოფი მეუღლე კი, დაჭრა. გამოძიება სსიხლის სამართლის კოდექსის  109-ე (დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობა) და ასევე 236-ე მუხლით მიმდინარეობს (ცეცლსასროლი იარაღისაა და საბრძოლო მასალის შენახვა ტარება).