ყალბი პირადობის მოწმობის შესაძლო ბეჭდვასთან დაკავშირებით წალენჯიხის ტერიტორიული სამსახურის ხელმძღვანელი პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება
ყალბი პირადობის მოწმობის შესაძლო ბეჭდვასთან დაკავშირებით წალენჯიხის ტერიტორიული სამსახურის ხელმძღვანელი პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება

ყალბი პირადობის მოწმობის შესაძლო ბეჭდვასთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოკითხვაზე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წალენჯიხის ტერიტორიული სამსახურის ხელმძღვანელი არკადი ფიფია მივიდა.

უწყებაში შესვლამდე არკადი ფიფიამ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა, მხოლოდ ის აღნიშნა, რომ მივლინებაში ნამდვილად იმყოფებოდა. „მივლინებაში ვარ ოფიციალურად, ამას ვადასტურებ“, – განაცხადა ფიფიამ.

სამი არასამთავრობო ორგანიზაციის – „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და „სამართლიანი არჩევნების“ განცხადებით, გასულ კვირას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დასაქმებულმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა მათ სააგენტოს მიერ სავარაუდოდ, ყალბი პირადობის მოწმობების დამზადების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ამასთან, სამი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ამტკიცებდა, რომ წალენჯიხასა და გარდაბანში ტერიტორიული სამსახურის ხელმძღვანელები მივნილებაში გაუშვეს და მათ ადგილას „სანდო” პირები მიავლინეს.

სამი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიების დაწყება მოითხოვეს. გამოძიება დაიწყო. გუშინ სამი არასამთავრობო ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორები ეკა გიგაური, ირმა პავლიაშვილი და მიხეილ ბენიძე, ასევე სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები სოსო გიორგაძე და ბეჟან ობგაიძე გამოიკითხნენ. პროკურატურის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებაზე უარი განაცხადეს.  გამოკითხვიდან გამოსული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები კი აცხადებდნენ, რომ წყარო, რომელმაც პირადობის მოწმობების შესაძლო გაყალბებაზე ინფორმაცია მიაწოდა, არ ესწრებოდა თათბირს, სადაც მათივე თქმით, ყალბი პირადობის მოწმობების დაბეჭდვაზე მსჯელობდნენ.

ამასთან, პროკურატურის განმარტებით, სამი არასამთავრობო ორგანიზაციის გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება გრძელდება და დღეს საგამოძიებო უწყებაში უნდა გამოცხადდნენ იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს ის თანამშრომლები, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა პრესკონფერენციაზე დაასახელეს და ასევე „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ერთი წარმომადგენელი.