ყალბი დოკუმენტების დამზადების, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-რეალიზაციიის ფაქტზე ხუთი პირი დააკავეს
ყალბი დოკუმენტების დამზადების, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-რეალიზაციიის ფაქტზე ხუთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადების, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, გულგრილობისა და პირთა ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-რეალიზაციის ფაქტზე ხუთი პირი დააკავეს, რომელთაგანაც ორი ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი და მისი თანამშრომელია.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული უაქციზო თამბაქოს ნაწარმის განადგურება, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან“ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ, უნდა განეხორციელებინა ერთ-ერთ კონტრაქტორ კომპანიას.

„უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, კომპანიის დირექტორი, თავისსავე თანამშრომელთან ერთად, აყალბებდა, ფიქტიურად ადგენდა საქონლის განადგურებასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას, რის შემდეგაც, პერიოდულად, სხვადასხვა მოქალაქის მეშვეობით, ახდენდნენ უაქციზო თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციას.

ქალაქ თბილისში, რუსთავსა და გარდაბანში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯამში, ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, დოკუმენტურად განადგურებულად დაფიქსირებული, 5 241 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საბაზრო ღირებულება 22 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200, 220-ე, 220-ე პრიმა და 362-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან რვა წლამდე ვადით. ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულში თანამონაწილე სხვა პირთა დადგენა-მხილების მიზნით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.