ყ​აზახეთში საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობის დროს საპროტესტო აქციები გაიმართა
ყ​აზახეთში საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობის დროს საპროტესტო აქციები გაიმართა

ყ​აზახეთში საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობის დროს საპროტესტო აქციები გაიმართა. დაკავებულია ათობით ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, ყაზახეთში სხვადასხვა ქალაქში რამდენიმე არასანქციერებული აქცია გაიმართა.

რუსული მედიის ინფორმაციით, ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში მიტინგში 700 ადამიანი მონაწილეობდა.

ალმათიში 300-მა აქტივისტმა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ბოიკოტისკენ მოუწოდა მოქალაქეებს. აქციების მონაწილეთა თქმით, არჩევნების შედეგები წინასწარ არის განსაზღვრული.

როგორც ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მხოლოდ ნურ-სულთანსა და ალმათიში დაკავებულია დაახლოებით 100 ადამიანი. ქვეყანაში შეფერხებით მუშაობს ინტერნეტი. ნაწილობრივ დაბლოკილია სოციალური ქსელები.

მანამდე ყაზახეთის მოქალაქეებს 9-10 ივნისს ქუჩაში გასვლისკენ მოუწოდა ყაზახეთში აკრძალული ოპოზიციური მოძრაობა „ყაზახეთის დემოკრატიული არჩევნის“ ლიდერმა მუხთარ აბლიაზოვმა, რომელიც საზღვარგარეთ იმყოფება.

რიგგარეშე არჩევნები ყაზახეთში მას შემდეგ დანიშნეს, რაც ქვეყნის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი, თითქმის 30 წლიანი მმართველობის შემდეგ, თანამდებობიდან საკუთარი სურვილით გადადგა.

ყაზახეთის პრეზიდენტად კენჭს 7 კანდიდატი იყრის. მათ შორის არის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი კასიმ-ჟომარტ ტოკაევი, რომელიც მმართველმა პარტიამ წარადგინა.