წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზის გახსნა ივნისში იგეგმება
წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის  გზის გახსნა ივნისში იგეგმება

წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზის გახსნა ივნისში იგეგმება. ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს დღეს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის წევრებთან, თბილისის მერთან და ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

„პრაქტიკულად დასრულებულია ეს გზა, მის გახსნას ივნისის თვეში ვგეგმავთ. სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია „კავკასუს პროჯექტი”, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით აწარმოებს. აქ ვიმყოფებით ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან ერთად, რომელიც დაფინანსებაში გვეხმარება“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, სამუშაოები დაახლოებით ერთი წელია მიმდინარეობს და ივნისში დასრულდება.

„ეს მხოლოდ ნაწილია იმ სამუშაოების, რაც სტიქიის შედეგების რეაბილიტაციას შეეხო. მუნიციპალური განვითარების ფონდი ასევე ახორციელებს ვერეს კალაპოტის ფორმირების სამუშაოებს, ასევე ნატანი მასალის დამჭერი კონსტრუქციების სამუშაოებს, რომელიც დაიცავს შესაძლო წყალმოვარდნისგან ვერეს კალაპოტს. ძალიან ბევრი თანამედროვე ტექნოლოგია არის გამოყენებული“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა და აღნიშნა, რომ გზას შემდგომი გართულებებისგან ნაპირსამაგრი საყრდენი კედელი დაიცავს.

ამასთან, მისი თქმით, დამონტაჟებულია სპეციალური სისტემა, რომელიც შესაძლო მეწყრული პროცესების თაობაზე შეტყობინებას უზრუნველყოფს. საფრთხის შემთხვევაში, გზა გადაიკეტება.

მისი თქმით, პროექტი უცხოელი კონსულტანტების დახმარებით მომზადდა და გზა სერიოზული საინჟინრო ნაგებობაა.

„პრაქტიკულად სამი მუნიციპალიტეტი სარგებლობდა კოჯრის შემოვლითი გზით. ამ გზის გახსნის შემდეგ  ტურისტები, მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლები თავისუფლად შეძლებენ გადაადგილებას.

საუბარია წყნეთი-ახალდაბის და წყნეთი-სამადლოს გზის მონაკვეთზე. ჩვენ ასევე ვახორციელებთ უკვე წყნეთი-ბეთანიის გზის მონაკვეთს, რომელიც ივლისში დასრულდება და მას შემდეგ უკვე სრულად შევა ექსპულატაციაში ეს გზა“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზა 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანდა. აღნიშნულ გზაზე გადაადგილება მოსახლეობისთვის პრობლემას წარმოადგენდა.

სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის დასრულების შემდეგ მოსახლეობა უპრობლემოდ და კომფორტულად შეძლებს მგზავრობას. გზის რეაბილიტაცია ორ ეტაპად დაიყო, წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზის რეაბილიტაცია და წყნეთის ბოლოდან მეწყრის ზონამდე და მეწყრის ზონიდან კოჯორი-სამადლოს გზის კვეთამდე.