წყნარი ოკეანის ფსკერზე ახალი, უცნაური სახეობები აღმოაჩინეს — #1TVმეცნიერება
წყნარი ოკეანის ფსკერზე ახალი, უცნაური სახეობები აღმოაჩინეს — #1TVმეცნიერება

წყნარი ოკეანის ფსკერზე მეცნიერებმა ცხოველების ოთხი ახალი სახეობა და ორი ახალი გვარი აღმოაჩინეს.

კლიპერტონის ნაპრალებიანი ზონა ვრცელი, ჩაღრმავებული ზონაა, რომელიც წყნარი ოკეანის ცენტრალურ ნაწილში 4,5 მილიონ კვადრატულ კილომეტრზე ვრცელდება. სამრეწველო სექტორი მას ნამდვილ საბადოდ მიიჩნევს, რადგან ზღვის ფსკერის გასწვრივ, პოლიმეტალურ კვანძებში უხვადაა დალექილი ღირებული ლითონები და დედამიწის უიშვიათესი მინერალები.

თუმცა, უძველესი ლითონები ამ ზონის ერთადერთი საოცრება როდია. ახალ კვლევაში მეცნიერები იუწყებიან, რომ იქ, ოკეანის ზედაპირიდან 5 კმ სიღრმეზე აღმოაჩინეს რამდენიმე ქმნილება, რომელთა შესახებ მეცნიერებისთვის აქამდე არაფერი იყო ცნობილი.

ამ სახეობას ქსენოფიოფორებს უწოდებენ და წარმოადგენს ფორამინიფერების კლასის სახელით ცნობილი ერთუჯრედიანი უმარტივესების ჯგუფს.

ქსენოფიოფორები ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ზღვის სიცოცხლის მოზრდილი ფორმებია კლიპერტონის ნაპრალებიან ზონაში; მიუხედავად იმისა, რომ ისინი პირველად მე-19 საუკუნის ბოლოს აღწერეს, მათ შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით, ძირითადად იმიტომ, რომ ისინი ოკეანის დიდ სიღრმეებში ბინადრობენ.

მკვლევართა განცხადებით, ოთხი ახალი სახეობისა და ორი ახალი გვარის აღმოჩენით, კლიპერტონის ნაპრალებიან ზონაში აღწერილი ქსენოფიოფორების რაოდენობამ 17-ს მიაღწია (გლობალურად ცნობილის 22 პროცენტი); ბევრიც ცნობილია, მაგრამ ჯერ აღწერილი არ არის. მათივე თქმით, წყნარი ოკეანის ეს ნაწილი ქსენოფიოფორების მრავალფეროვნების ცხელი წერტილია.

ახლად აღმოჩენილებს შორის არის ახალი გვარი Abyssalia, რომელსაც სახელი აბისალის, ანუ ღრმაწყლიანი ზონის გამო უწოდეს, რომელშიც ის იმალებოდა. კვლევით გემ Kilo Moana-თი 2018 წელს კლიპერტონის ნაპრალებიან ზონაში განხორციელებული ექსპედიციისას, მკვლევრებმა Abyssalia-ს ორი ახალი სახეობა იპოვეს — A. foliformis-ი და A. sphaerica.

ამ ქსენოფიოფორებს აქვთ ნაჭუჭი, რომელიც ერთმანეთზე მიწებებული ციცქნა ნაწილაკებისგან შედგება და ზღვის ფსკერის ზედაპირისგან ძნელი გასარჩევი არიან.

A. sphaerica-ს სფეროსებრი ფორმა აქვს და აწეწილ ბაბუაწვერას წააგავს; A. foliformis-ი გაბრტყელებულია და ფოთოლს ჰგავს.

კიდევ ერთი ახალი გვარია Moanammina, რომელსაც სახელი „მოანას“ მიხედვით უწოდეს, რაც ჰავაურ, მაორულ და სხვა პოლინეზიურ ენებზე „ოკეანეს“ ნიშნავს.

მეცნიერებმა კიდევ ერთი მრგვალი ფორმის არსება აღმოაჩინეს, რომელიც მათი აზრით ახალი ქსენოფიოფორა უნდა იყოს, მაგრამ სამწუხაროდ, დაიშალა და მისი დეტალური შესწავლა ვერ მოასწრეს.

კვლევა European Journal of Protistology-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი