წყლის რესურსების მართვის თაობაზე ახალი საკანონმდებლო ბაზის შექმნა იგეგმება
წყლის რესურსების მართვის თაობაზე ახალი საკანონმდებლო ბაზის შექმნა იგეგმება

საქართველოს მთავრობა წყლის რესურსების მართვის თაობაზე ახალი საკანონმდებლო ბაზის შექმნას გეგმავს. აღნიშნულის შესახებ საუბარია მთავრობის კანონშემოქმედებით გეგმაში, რომელიც პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება.

მთავრობა განმარტავს, რომ დღეს მოქმედი „წყლის შესახებ“ კანონი მიღებულია 1997 წლის 16 ოქტომბერს და ფაქტობრივად, არ რეგულირდება წყლის ბუნებრივი რესურსების მართვასთან, ასევე წყლის ობიექტებით სარგებლობასა და განკარგვასთან დაკავშირებული საკითხები.

მათი ცნობით, სამართლებრივი რეგულირების მიღმა არის დარჩენილი წყლის რესურსების დაცვისა და წყლით რაციონალური სარგებლობის თვალსაზრისით ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა წყალსარგებლობის მთელი რიგი ფორმები, მათ შორის ზედაპირული წყლის ობიექტებიდან წყალაღება, ჩამდინარე წყლებით წყლის ობიექტების დაბინძურება (წყალჩაშვება) და ა.შ.

„კანონის მიზანია, წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის პრინციპების შესაბამისად და ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნისთვის, შიდა ზედაპირული წყლების, გარდამავალი წყლების, ასევე სანაპირო წყლებისა და მიწისქვეშა წყლების დაცვისა და მდგრადი გამოყენებისთვის ძირითადი საფუძვლების ჩამოყალიბება“, – განმარტავს საქართველოს მთავრობა.