წყლის ეროვნული პოლიტიკის დიალოგის ფარგლებში, წყლის რესურსების მართვის კუთხით მიღწეული პროგრესი და სამომავლო გეგმები განიხილეს
წყლის ეროვნული პოლიტიკის დიალოგის ფარგლებში, წყლის რესურსების მართვის კუთხით მიღწეული პროგრესი და სამომავლო გეგმები განიხილეს

წყლის ეროვნული პოლიტიკის დიალოგის ფარგლებში, წყლის რესურსების მართვის კუთხით მიღწეული პროგრესი და სამომავლო გეგმები განიხილეს. წყლის ეროვნული პოლიტიკის დიალოგი წარმოადგენს პლატფორმას, რომელიც ხელს უწყობს წყლის პოლიტიკის რეფორმის განხორციელებას, შესაბამისად, ეროვნული მიზნებისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას. ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა გახსნა.

„წყლის რესურსების მართვა, არსებული კლიმატური ცვლილებების ფონზე, განსაკუთრებით აქტუალურია. წყალი არის მნიშვნელოვანი რესურსი ეკონომიკის ფაქტობრივად ყველა სექტორის განვითარებისთვის. შესაბამისად, წყლის რესურსების მართვის მიმართულებით სექტორულ რეფორმაზე მუშაობა საქართველოში აქტიურად მიმდინარეობს. ეროვნული პოლიტიკის დიალოგის ფარგლებში, წყლის რესურსების მდგრადი მართვის კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, რაც „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ კანონის მიღებით დასრულდა. აღნიშნული კანონი სრულ თანხვედრაშია როგორც ეროვნულ საჭიროებებსა და გამოწვევებთან, ასევე იმ ვალდებულებებთან, რაც საქართველოს აღებული აქვს საერთაშორისო შეთანხმებებით, ხელშეკრულებებითა და ასოცირების დღის წესრიგით. აღნიშნული კანონის ძირითადი ნაწილი ძალაში 2026 წლის 1-ელი სექტემბრიდან შევა, რის შედეგადაც ქვეყანაში მდინარეთა სააუზო მართვის მექანიზმის დანერგვა მოხდება. ამასთან, ჩვენ გავაძლიერეთ წყლის მონიტორინგის ეროვნული სისტემა, რაც გვეხმარება ქვეყნის მასშტაბით უზრუნველვყოთ წყლის რესურსების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მდგომარეობის შეფასება. უნდა აღინიშნოს, რომ რეფორმის განხორციელების პროცესში ჩვენი მნიშვნელოვანი მხარდამჭერია ევროკავშირი, ევროკომისია, რისთვისაც მინდა, მათ განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. დღეს, როდესაც საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, რათა ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისთვის საჭირო ყველა წინაპირობა შევასრულოთ“, – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

სხდომაზე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნიკოლას სენდეროვიჩმა აღნიშნა, რომ საქართველომ, როგორც ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყანამ, გასულ წელს მიღებული კანონის საფუძველზე წყლის სექტორში რეფორმები უნდა განახორციელოს.

„გვჯერა, ეს რეფორმები ყველა დაინტერესებული მხარის, მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების აქტიური ჩართულობით და მხარდაჭერით წარმატებით განხორციელდება“, – განაცხადა ნიკოლას სენდეროვიჩმა.

ევროკავშირის პროგრამის განმახორციელებელი პარტნიორების სახელით საუბრისას, ევროკავშირის წევრი ქვეყნების კონსორციუმის პროექტის ლიდერმა, ავსტრიის გარემოსდაცვითი სააგენტოს წარმომადგენელმა, ალექსანდრე ზინკემ აღნიშნა, რომ საქართველო აუმჯობესებს გარემოს მართვას. ამასთან, წყლის შესახებ კანონის მიღება არის წინ გადადგმული ნაბიჯი ევროკავშირის მოთხოვნებთან შესაბამისობისკენ. საერთაშორისო პარტნიორები გააგრძელებენ საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერას ევროკავშირის სტანდარტებთან მიახლოების კუთხით.

როგორც სიტყვით გამოსვლისას საქართველოში გაერო-ს მუდმივმა კოორდინატორმა, საბინ მახლმა განაცხადა, გაერო მზად არის, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა მდგრადი განვითარების მიზნით განხორციელებულ საქმიანობებში, მათ შორის, წყლის სექტორის რეფორმის პროცესში.

წყლის ეროვნული პოლიტიკის დიალოგის მონაწილეებმა განიხილეს წყლის რესურსების მართვის შესახებ საქართველოს ახალი კანონის დანერგვისთვის საჭირო ღონისძიებები. სხდომაზე ყურადღება გამახვილდა წყალთან დაკავშირებული სხვადასხვა დირექტივის შესრულებასა და სექტორული მიმართულებით კლიმატის ცვლილებიდან მომდინარე გამოწვევებზე.

წყლის ეროვნული პოლიტიკის დიალოგის სხდომა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და პროგრამის, „ევროკავშირი გარემოსთვის“ ორგანიზებით გაიმართა.

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის, სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.