წყალტუბოში სტადიონის რეაბილიტაცია იწყება
წყალტუბოში სტადიონის რეაბილიტაცია იწყება

წყალტუბოში 26 მაისის სახელობის სტადიონის რეაბილიტაცია იწყება. მოედნის დასაგებად თანხას ფეხბურთის ფედერაცია გამოყოფს, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობა – ტრიბუნების მოწყობას, სტადიონის შემოღობვასა და სხვა ინფრასტრუქტურულ ხარჯებს გაიღებს.

სტადიონის რეაბილიტაციისთვის პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა. წყალტუბოს სფფ-ს ტექნიკური ჯგუფი ეწვია – ლოჯისტიკის სამსახურის უფროსი გიორგი რევაზიშვილი, მთავარი აგრონომი ალექსანდრე თორია და ინჟინერ-ექსპერტი გოგა დადივაძე.

„ეს იქნება მაღალი ხარისხის ბუნებრივი მოედანი. საფარის დაგება, სავარაუდოდ, თებერვალში დაიწყება და თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, ზაფხულში ამ მინდორზე თამაშის ჩატარება უკვე შესაძლებელი იქნება“ – ამბობს რევაზიშვილი.

,,სამგურალის“ გენერალური დირექტორის, ამირან ვარდანიძის თქმით, საპროექტო ხარჯთაღრიცხვის პროექტზე 22 იანვარს მეორე ტენდერი დაჩქარებული წესით ჩატარდება, რის შემდეგაც გამარჯვებული კომპანია სტადიონის სრული რეაბილიტაციის პროექტს წარმოადგენს.

საბოლოოდ, მოეწყობა პრეს და ვიპ-ლოჟები, ოპერატორებისთვის განკუთვნილი ბოძები და შემოიღობება სტადიონის ტერიტორია, აღდგება ცენტრალური შენობა, გაკეთდება სარბენი ბილიკები, ტრიბუნები კი 3500 ადამიანზე იქნება გათვლილი.

სტადიონზე სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება და დიდი ალბათობით “სამგურალი“ საშინაო მატჩებს საკუთარ მოედანზე ივლისიდან ჩაატარებს.