წყალტუბოში შესაძლოა, ხუთი ყოფილი სანატორიუმის პრივატიზება მოხდეს
წყალტუბოში შესაძლოა, ხუთი ყოფილი სანატორიუმის პრივატიზება მოხდეს

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო წყალტუბოში ხუთი ყოფილი სანატორიუმის პრივატიზებას განიხილავს.

აღნიშნული ყოფილი სანატორიუმებია: „მეგობრობა“, „ფილიალი“, „იმერეთი“, „სავანე“, სტალინის ყოფილი აგარაკი.

კონკრეტულად როდის და რა პირობებით იგეგმება პრივატიზება ჯერ დეტალები უცნობია.

როგორც სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, უნიკალური ბალნეოლოგიური კურორტი წყალტუბო გამოირჩევა სამკურნალო თვისებების მქონე ისტორიული მნიშვნელობის თერმული წყაროებით, რასაც მისი ბუნებრივი და კლიმატური ფაქტორები განაპირობებს.

საქართველოში ბოლო წლებში ტურისტების რაოდენობის რეკორდული ზრდა კი, ქვეყანაში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების აუცილებლობას განაპირობებს.

„ბრენდი „წყალტუბო“ წლების განმავლობაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა დსთ-ს წევრი ქვეყნების 300 მილიონიან ბაზარზე.

რეგიონში მდებარეობს ისეთი ტურისტულად პოპულარული სანახაობები, როგორიცაა სათაფლიის ნაკრძალი და პრომეთეს მღვიმე“, – განმარტავენ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოში.

ამასთან, სააგენტო ხაზს უსვამს, რომ  ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან წყალტუბომდე საავტომობილო გზას მხოლოდ 20 წუთი სჭირდება. 2018 წელს აეროპორტის მგზავრთნაკადმა 617 000-ს გადააჭარბა.