წყალტუბოში, სამტრედიასა და ხაშურში იუსტიციის სახლები აშენდება
წყალტუბოში, სამტრედიასა და ხაშურში იუსტიციის სახლები აშენდება

იუსტიციის სამინისტროს რეგიონული ფონდიდან ხუთი მილიონ 300 ათასი ლარის ოდენობის თანხა გამოეყოფა, რომლის ნაწილიც სამი იუსტიციის სახლის მშენებლობას მოხმარდება.

შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

„დღეს საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ იუსტიციის სამინისტროს რეგიონული ფონდიდან გამოეყოს ხუთი მილიონ 300 ათასი ლარის ოდენობის თანხა, რომელიც მინდა, გავახარო ჩვენი მუნიციპალიტეტები,საშუალებას მოგვცემს, იუსტიციის სამინისტრომ დაიწყოს სამი იუსტიციის სახლის მშენებლობა“,- აღნიშნა თეა წულუკიანმა.

მინისტრის განმარტებით, იუსტიციის სახლები წყალტუბოში, სამტრედიასა და ხაშურში აშენდება.

„სამივე დიდი მუნიციპალური ცენტრია, სადაც იუსტიციის სამინისტროს სერვისები უკვე მრავალი წელია, არ გაიცემა სახარბიელო პირობებში და მიხარია, რომ ჩვენ წელს ჩავუყრით საფუძველს ამ ადგილებში ისეთივე კომფორტული პირობების შექმნას ჩვენი მოქალაქეებისთვის, როგორიც არის სხვა დიდ ქალაქებში“,-განაცხადა თეა წულუკიანმა.

ამასთან, წულუკიანის ინფორმაციით, დედოსფლისწყაროში, ვანში, ასპინძაში, ჩოხატაურში, ბაღდათსა და ნინოწმინდაში საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობაზე ტენდერები გამოცხადდება.

„ ამ თანხით ჩვენ შევძლებთ, დედოსფლისწყაროში, ვანში, ასპინძაში, ჩოხატაურში, ბაღდათსა და ნინოწმინდაში გამოვაცხადოთ საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობის ტენდერები, რასაც ვერ ვაკეთებდით აქამდე, რადგან ყველა სამშენებლო თუ კაპიტალური ხარჯებისთვის გათვალისწინებული თანხა გვქონდა ათვისებული. დამატებითი სახსრები მოგვცემს ამ ტენდერების ჩაშვების საშუალებას, ანუ წელსვე მშენებლობების დაწყების შესაძლებლობა გვექნება. ჩემი მიზანია, გვქონდეს იუსტიციის სამინისტროში მემკვიდრეობა,  რომელსაც ქვია, საქართველოს ყველა მუნიციპალურ ცენტრში, გარდა მცხეთისა, იუნესკოს მოთხოვნებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე მცხეთას ვერ ვეხებით, გვქონდეს იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები. პრაქტიკულად ვთქვათ, რომ დავემშვიდობეთ საბჭოთა ინფრასტრუქტურას“,- განაცხადა წულუკიანმა.